weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მინსკის მოვლენებს ვერცერთი ელჩი წინასწარ ვერ ივარაუდებდა – წულუკიანი

15:11 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისიდან მინსკში, სამთავრობო რეისით, გუშინ საქართველოს ელჩი გაფრინდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან დროული გადაწყვეტილება იყო.

„მე არ მესმის რას უკავშირდება მინსკში განხორციელებულ რეისთან დაკავშირებით ეს აჟიოტაჟი, იმიტომ, რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ელჩი, მინისტრი და სხვები, ჩვენც ადამიანები ვართ. ელჩი იმყოფებოდა თავის სამშობლოში, თბილისში და როდესაც დასჭირდა სახელმწიფოს, იმიტომ, რომ ვერცერთი ელჩი და ვერცერთი საქართველოს მოქალაქე წინასწარ ვერ ივარაუდებდა, რომ მინსკში იქნებოდა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს და სახელმწიფომ სწორედ, დროული გადაწყვეტილება მიიღო და სამთავრობო რესურსით ელჩი გაუშვა მინსკში, სადაც შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს სწორედ ახლა დასჭირდეს წარმომადგენელი“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ეს ნორმალური სიტუაციაა და ადგილი აქვს „მორიგი ყალბი ინფორმაციის შექმნის მცდელობას“.

„იმავე ინფორმაციაში ითქვა, თითქოს, ამ რეისმა მინსკიდან კრიმინალი ჩამოიყავანა საქართველოში. ამგვარი ყალბი ინფორმაციების შექმნა უკვე არის ძალიან დიდი სირცხვილი იმიტომ, რომ საზოგადოება ხვდება, რომ ესა თუ ის არხი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 აგვისტოს, როდესაც ბელარუსის დედაქალაქში პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სამთავრობო თვითმფრინავი მინსკში ჩაფრინდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი უკან, თბილისში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში სალომე ზურაბიშვილი იყო. ასევე გავრცელდა ცნობა, რომ ამავე თვითმფრინავით საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ ექსტრადიცია განხორციელდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს ცნობები კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ თბილისიც კი არ დაუტოვებია. „ლავასოღლის“ ექსტრადიციას არ ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

დღეს განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ თვითმფრინავით ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ იმგზავრა. სამინისტროს განმარტებით, ელჩი 6 აგვისტოდან საქართველოში იმყოფებოდა და „ბოლო დღეებში ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო საჭირო გახდა მისი მყისიერი დაბრუნება მინსკში“.

„მთავარი არხის“ ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავით ელჩის გარდა კიდევ შვიდმა ადამიანმა იმგზავრა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა არხთან ინტერვიუში განაცხადა, ხელისუფლების განმარტება დამაჯერებელი არ არის. მისი აზრით, სწორი იქნება, თუ წარმოადგენენ დოკუმენტს, რომელიც თვითმფრინავის მგზავრების შესახებ ინფორმაციას შეიცავს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, უცნაურია, რომ საქართველოს ელჩმა ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შვებულება აიღო და საქართველოში იმყოფებოდა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ასეთ დროს საქართველოს ელჩის ბელარუსში არყოფნა გაუმართლებელი და შემაშფოთებელია.

„ასეთი მნიშვნელოვანი დღეების დროს ბელარუსის ისტორიაში, და ამაზე მნიშვნელოვანი დღე ბოლო 25-30 წლის განმავლობაში არ ყოფილა, როგორ მოვახერხეთ, რომ საქართველოს ელჩი თურმე ისვენებდა და ადგილზე არ იმყოფებოდა. პასუხი ამ კითხვებზე აჩვენებს იმას, როგორი არათანმიმდევრული, არასწორი და საზიანო საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა კაპანაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]