weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სანდრო ბარამიძემ, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს

19:00 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ სანდრო ბარამიძემ, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. შალვა შავგულიძის თქმით, პარტიიდან წასვლის შემდეგ, ინდივიდუალურად გააგრძელებენ თანამშრომლობას „ევროპულ საქართველოთან“ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიასთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც შავგულიძემ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვების გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო. მისი თქმით, გამგეობის წევრების უმრავლესობის მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებს. შავგულიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა „თავისუფალ დემოკრატებში“ დარჩენილი ადამიანები „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლების ორბიტაზე“ აღმოჩნდნენ.

„ერთხმად ვუჭერდით მხარს „ევროპულ საქართველოსთან“ ბლოკის შექმნას და ოქტომბრის არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიასთან დაკავშირებითაც. სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. ამ პოზიციას მე არ დავეთანხმე, ვინაიდან ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში, გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ, მთელი სამი წლის მანძილზე არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომელიც გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიაში იქნებიან არა როგორც ამ პარტიის წევრები, არამედ როგორც მისი თანამოაზრენი.

„ყველაზე მთავარ, ყველაზე სტრატეგიულ საკითხებში, რომელიც ეხება ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მათ შორის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ., ჩვენი აზრები იდენტურია. მომავალი გვაჩვენებს, თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილებამდე მივალთ.

ახლა შემიძლია ხაზი გავუსვა იმას, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ ჩვენ გვაქვს სრული მსგავსება სტრატეგიული ხედვების“, – აღნიშნა ბარამიძემ.

თამარ კეკენაძე, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, აცხადებს, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ლიდერების მიერ მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება პარტიას ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და მხოლოდ პროდასავლურ ძალებთან ითანამშრომლებენ. ამასთან, პარტიის წევრმა, ვახტანგ მჭედლიძემ უარყო შალვა შავგულიძის ბრალდება და განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არა მეორე, არამედ მეექვსე ნომრად განიხილებოდა. მისივე თქმით, გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ, არასდროს ყოფილა პასიური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]