weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

ფრენების აღდგენა ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული – ზურაბ აბაშიძე

18:42 პარასკევი, 21 აგვისტო 2020 hits 631

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას საქართველოსთან 2019 წლის ივლისიდან შეწყვეტილი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„მინდა მქონდეს იმედი, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია. ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში საქმის ვითარებას, რა თქმა უნდა, ველოდებით სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ნორმალიზებას რეგიონსა და მსოფლიოში, სხვა მიმართულებებით რეგულარული ავიარეისების გახსნას“, განაცხადა ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში.

გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა, თქვა, რომ რუსეთისთვის ყოველთვის ძვირფასი იყო „მისთვის ახლობელ ქართველ ხალხთან მეგობრული კავშირები“ და რუსეთში უცვლელად მხარს უჭრენ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის ქონას.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს 2012 წელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ალიანსის მიერ ინიცირებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ზურაბ აბაშიძის თქმით, „ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში“.

„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. 

საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში“, აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]