ეს განცხადება ნკა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში მერაბიშვილი. მელიას თქმით, მერაბიშვილი სიაში არ იქნება.
„ჩემი აზრი გაიტერესებთ? ჩემი აზრი არის შემდეგი: ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო. ამას ვაფასებ და ვუფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური.
მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როდესაც ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაკიგული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე.
სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში კი, ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, ისე დაარტყა, ყველაფერთან ერთად, 2012 წელს.
ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი ცოდნა, პოზიტიური, უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს აქვს ნეგატიური გამოცდილება და მე პირადად, ჩემ თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ არსებობს ფასეულობები, არსებობს ღირებულებები“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის წარდგენას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიას ოქტომბრამდე წარადგენს. რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ოთხი პოლიტიკური პარტია – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.