weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რატომ დაიწყო გამოძიება მკოიანის კომპანიის მიმართ – ფინანსური პოლიციის განმარტება

18:24 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020
ფოტოზე ენზელ მკოიანი ფოტოზე ენზელ მკოიანი

ქართული ოცნებიდანნინოწმინდა-ახალქალაქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებას, რომ მისი ძმის, მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა პოლიტიკური შეკვეთაა და არჩევნებს უკავშირდება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოეხმაურა და განმარტება გააკეთა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭის ყრას. ენზელ მკოიანმა 17 სექტემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ჩანან. მკოიანის განცხადებით, ისინი ახალქალაქში, მისი ძმის გაზის კომპანიაში – „ეს ჯი გაზ კომპანი“-ში მუშაობდნენ, რამაც კომპანიის პარალიზება გამოიწვია.

„რაც ხდება, უკანონობაა. ეს პოლიტიკური შეკვეთაა. არ ვიცი, ვინ შეუკვეთა – ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ვინც მაღლა ზის. მოცემულ მომენტში ორი სოფელი გვაქვს – გორელოვკა და აბული – რომელსაც გაზის გაყვანა უნდა. ჩვენი კომპანია პარალიზებულია. ხვალიდან, ალბათ, დავხურავთ და მერე, ზამთარში ალბათ ესენი უზრუნველყოფენ 17 000 აბონენტს გაზით.

ამას ნახავს ამერიკის საელჩო, პლუს ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ნახავენ, როგორ ტარდება არჩევნები. ასე ჩაატარებთ არჩევნებს საქართველოში? ამას ეძახით დემოკრატიას? არჩევნებამდე თვენახევრით ადრე უკანონობით ხართ დაკავებული“, – ამბობს მკოიანი ვიდეოში.

საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ გაზის კომპანიის მიმართ გამოძიება მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას.

საგამოძიებო სამსახურის თანახმად, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, თითქოსდა გამოძიების დაწყება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

„საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

რამდენიმე დღის წინ, ახალქალაქში, გაზის კომპანიის წინააღმდეგ აქციაც გაიმართა. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 12-მდე სოფლის მცხოვრებლები კომპანიას ტარიფების ხელოვნურად მომატებაში ადანაშაულებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მკოიანმა აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბინძური კამპანია ხორციელდება, რაც მისი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლამდე ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]