„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“, შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის. გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახლად შემომატებული ხალხი. აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი ძალიან გამორჩეული, წამყვანი, წარმატებული ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა.
ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ, ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში. ესეც ძალიან დიდი შენაძენია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გენერალ დევი ჭანკოტაძის შესახებაც ისაუბრა. ჭანკოტაძე ერთი თვის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მას ამომრჩეველთან შეხვედრები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ოლქში ჟორჟოლიანი იყრის კენჭს.
„დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთან არის, რომ ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის, ასევე, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.