weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებს

23:45 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 97-ე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ, 3 ივლისს, უკანონოდ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, ირაკლი ანთაძის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მღებრიშვილს ხვალ, 25 სექტემბერს გაათავისუფლებენ. 

„შეხვედრაზე განსაკუთრეგული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ დიდი მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიოებმა და ამ პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ. გრძელდება მუშოაბა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს თავის ოჯახს მაქსიმალურად შემჭდროებულ ვადებში“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი გათავისუფლება. 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონო დაკავების პროცესში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს.

„ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი დავაყენეთ და მოვითხოვეთ, საქმის კურსში ჩაგვაყენონ იმ სამედიცინო პროცედურების შესახებ, რაც მას უტარდება. კიდევ ერთხელ, უშუალოდ შეხვედრაზე მივიღეთ განმარტება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, შეესაბამება მიღებულ ჭრილობას და დინამიკა პოზიტიურია. დაგვპირდენ, რომ გაზიარებული იქნება ინფორმაცია, რა სახის სამედიცინო დახმარება უტარდება ზაზა გახელაძეს“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა.

შეხვედრაზე განხილული კიდევ ერთი საკითხი ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილს დევნა იყო

„ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტივისტი იდევნება უკვე რამდენიმე წლის მანძილზე და მოვითხოვეთ, რომ დევნა შეწყვეტილ იქნეს. 

ეს საკითხი არაერთხელ ყოფილა განსჯის საგანი როგორც ინციდენტების პრევენციის და მათე რეაგირების მექანიზმის, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში. ამ საკითხზე საქმის კურსშია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. იმედია, რომ დღევანდელი განხილვის შემდეგ ცხინვალელი მონაწილეები სათანადო დასკვნებს გააკეთებენ“, – თქვა ანთაძემ.

მაშინ, როდესაც ერგნეთში მოწყობილ კარავში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა მიმდინარეობდა, რუსულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა. ეს არ არის ოკუპანტი ქვეყნის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა.

„სწორედ იმ დროს ვსაუბრობდით 11 სექტემბრის ქეისზე, როდესაც ანალოგიური შემთხვევა იყო დაფიქსირებული და ყველა მონაწილემ უშუალოდ, თვალნათლივ დაინახა, რამდენად ახლოს მოხდა ეს. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ძალიან უარყოფითად მოქმედებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და კიდევ უფრო ართულებს მათ ისედაც რთულ ყოფას“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]