weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამოძიება საშინაო საქმეა, აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს – გახარია

14:17 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა და ყველას მოუწოდა, არ მოახდინონ საკითხის პოლიტიზება.

გახარიას თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასე გაგრძელდება.

„უნდა გამოვეხმაურო პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რამეთუ როგორც ხედავთ, არ წყდება საკითხის პოლიტიზების მცდელობა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ საბოლოო დასკვნები. საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს ასე გაგრძელდება, ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ,

ვერც გამოძიების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეა და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომელიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.

ეს ხაზგასმით არის აღსანიშნავი. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. გუშინ, 7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის განცხადებთ, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე, ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ივერი მელაშვილმა გამოძიებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა და რუკასთან დაკავშირებით განაცხადა:

„ჩემი გადმოსახედიდან გამოძიება მიმდინარეობს უსაზიზღრესი მუხლით, შესაბამისად, ალბათ ვიტყოდი, რომ თუ ეს ყველაფერი მიმართულია სიმართლის დადგენისთვის, მაშინ არც შესაბამისი, სწორი დრო იქნა შერჩეული და არც აუდიტორია. ეს რუკა და მისი საფუძვლიანობა ცალკე საკითხია. რამდენიმე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი აპელირებს, რომ, ვითომ ეს რუკა აღმოჩენაა და ამ რუკით რომ გვეხელმძღვანელა, რაღაცას მოვიგებდით. სრული აბსურდია იმიტომ, რომ ამ რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი და უარი ვთქვით მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ შესაბამისობაში არ არის, ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“.

ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა დანიაში საქართველოს ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ. მისი შეფასებით, მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]