weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ელჩს უნდა დაერეკა და ეკითხა, რასთან გვაქვს საქმე – ზალკალიანი გიგი გიგიაძის განცხადებაზე

15:29 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020
ფოტოზე - დავით ზალკალიანი და გიგი გიგიაძე ფოტოზე - დავით ზალკალიანი და გიგი გიგიაძე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანის აცხადებს, რომ გაკვირვებულია დანიაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებით, რომლითაც მან მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს, აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სამთავრობო კომისიის ყოფილ წევრს ივერი მელაშვილს. მელაშვილი აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით 7 ოქტომბერს დააკავეს.

„ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა, რადგან კოლეგიალურობიდან, ელჩის პოზიციიდან გამომდინარე, როდესაც ელჩი განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის, რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.

მან ასეთი განცხადება „ფეისბუქ“ პოსტის სახით გამოაქვეყნა და ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, სამინისტროს ელჩთან აუცილებლად ექნება კომუნიკაცია: „მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია, იგივე გამოძიების პროცესში, რაც კი საზოგადოებისთვის ცნობილია, ყველა ინფორმაცია მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და მასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება“.

დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება მისთვის და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო.

„ყველა ვწუხვართ, რომ ამ გამოძიების პროცესში სამინისტროს თანამშრომელია და მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, პასუხი გაეცემა. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგან იცით, რომ 28 წელია, ამ სისტემის ნაწილი ვარ და ყველა ადამიანს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ

მნიშვნელოვანია, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდიანრე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, მათი უფლებები დაცული იყოს.

თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ძალიან ვწუხვართ. პირველ რიგში ვინ, თუ არა მე ვწუხვარ ამაზე, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

29 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. 7 ოქტომბერს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

პროკურატურის განცხადებთ, ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ, შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა საქართველოს სამთავრობო კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე, ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, ივერი მელაშვილმა აღნიშნულ რუკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ანალიზი 1996-1997 წლებში ჩაუტარდა და მის გამოყენებაზე უარი თქვეს იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა დანიაში საქართველოს ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიგი გიგიაძემ. მისი შეფასებით, მელაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია.

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც ათიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ამ თემაზე:

გამოძიება საშინაო საქმეა, აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვერ დააზიანებს – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]