weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლი - მელაშვილის მეუღლე

13:22 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020

ეს ყველაფერი, რაც ხდება, დიდი უსამართლობაა. ეს არ შეეხებოდა ჩემს მეუღლეს, რომ არა ის დიდი სპექტაკლი, რომელიც დადგა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ნაციონალების დროს მოხდა მიწების გასხვისება, ხოლო თვითონ ფრთიანი ანგელოზები არიან და გადაარჩინეს საქართველო და ამით მოეპოვებინათ ხმები, - განაცხადა ე.წ. კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვლის მეუღლემ, თამარ სულაძემ.

მისი თქმით, ივერი მელაშვილმა ხელისუფლებას ხელი შუეშალა „სპექტაკლის განხორციელებაში“, რის გამოც დააკავეს.

„წელი ან წელიწადნახევარია, რაც ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. როდესაც ღალატში დაადანაშაულეს კომისიის წევრები, ჩემმა მეუღლემ ვერ მოითმინა, რადგან უაღრესად წესიერი ადამიანი და პატრიოტია. მართალია, ის არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ, ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, რომ

მან ხელი შეუშალა ამ სპექტაკლის განხორციელებაში, როდესაც თქვა, რომ საქართველოს მიწების გადაცემასთან დაკავშირებით არაფერი მომხდარა. ამიტომ დააკავეს ეს ორი ადამიანი“, - განაცხადა თამარ სულაძემ.

კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა ივერი მელაშვილს გაეკეთებინა წინა ხელისუფლების საწინააღდეგო განცხადება, თამარ სულაძემ თქვა, რომ საქმე აქამდე არ მისულა.

„რომ გაჩუმებულიყო და ხმა არ ამოეღო, შეიძლება მერე შეეთავაზებინათ. მისთვის ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო სასულიერო პირების მხირდან ბრალდებები, ის, რომ მოღალატე გამოდიოდა. ეს ვერ მოითმინა. ვერ გეტყვით კომისიის წევრებიდან რატომ დაადანაშაულეს მაინც და მაინც ეს ორი ადამიანი, ალბათ იმიტომ, რომ სხვას არ ამოუღია ხმა, ხოლო ჩემმა მეუღლემ თავიდანვე თქვა, რომ ასეთი რამ არ ხდებოდა.

საიდან დაიწყო ეს - ბერი კირიონიდან და ჯაღმაიძის განცხადებებიდან, ისინი არ არიან ამ საქმეში ჩახედული, ისინი არიან დილეტანტურ დონეზე. მათ რაც სასურველია, ის მიაჩნიათ რეალურად.

სასურველი, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანისთვისაა, რომ მთელი გარეჯი ჩვენთან იყოს, მაგრამ ასევე სასურველია ოშკი, ხახული და ჩვენი მიწები, რაც იყო ჩვენთან იყოს, მაგრამ სასურველსა და რეალურს შორის ადამიანმა სხვაობა უნდა დაინახოს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ რაღაც გვინდა, ამას არავინ მოგვცემს. ამისთვის საჭიროა საზღვრების ცოდნა და დამტკიცება. ამისთვის იბრძოდნენ, რომ საქართველოსთვის რაც შეიძლება საუკეთესო შეთანხმებებისთვის მიეღწიათ. გრიგოლ ვაშაძემაც განაცხადა, აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ, რომ ის ერთ გოჯსაც არ უთქმობდა მათ, მათ კი უნდოდათ ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს, ეს კი არაფერს არ უთქმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს“, - განაცხადა თამარ სულაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების მანძილზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის მტკიცებით, 2007 წლის ჩათვლით პერიოდში, შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ 3500-მდე ჰექტარ ფართობს შეადგენს. პროკურატურა აცხადებს, რომ მელაშვილსა და ილიჩოვას მთელი საქმიანობის პერიოდში გააჩნდათ 1937-1938 წლების რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა არ მოეხდინათ მისი გამოყენება საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში“.

საქმეში დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის კირიონის ჩვენებაც არის. როგორც პროკურორმა თქვა, სასულიერო პირმა გამოკითხვის დროს დაადასტურა, რომ „როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული“.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას გამოეხმაურა 14 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი შეფასებით, პროკურატურაში დაწყებული გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამ შეფასების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გამოძიება წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და საქმე საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემას ეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]