weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ყოფილი გუბერნატორები და მერები მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატებად

01:11 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლებმა არჩევანი მაჟორიტარობის 15 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ. მათგან ორი ყოფილი გუბერნატორი, ორი ყოფილი მერი, სამი ყოფილი დეპუტატი და ერთიც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. რა ქონებას ფლობენ, რას საქმიანობენ და როგორია მათი გამოცდილება წინა წლების არჩევნებში. 

ცეზარ ჩოჩელი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია

ბიზნესმენი და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ჩოჩელი საზოგადოებისთვის უფრო მეტად ბიზნეს საქმიანობით არის ცნობილი, ვიდრე პოლიტიკით. მისი სახელი უკავშირდება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა „ზედაზენი“, „ნატახტარი“ და „ბარამბო“. ყველაფერი კი 1991 წელს ლუდსახარში „ლომისის“ გახსნით დაიწო. ჩოჩელმა მეწარმეთა ჯგუფებთან ერთად სხვადასხვა დროს დაარსა „ნატახტარი“, „ბარამბო“, „ბერტა“, „ინტერპლასტი“, „მიქსორი“, „დანდი“ და სხვა კომპანიები. 2002-2003 წლებში ჩოჩელი იყო ახალგორის რაიონის გამგებელი, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი და ახალგორის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი. 2008-2012 წლებში ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პოსტს იკავებდა. როგორც თავად ამბობს, 2020 წლის არჩევნებშიც იმიტომ მონაწილეობს, რომ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში დაწყებული პროექტები დაასრულოს. 

ჩოჩელი მოსახლეობას ჰპირდება, რომ გაგრძელდება მცხეთის რეაბილიტაციის პროცესი და მოიხსნება მორატორიუმი, რაც გულისხმობს იმას, რომ მცხეთელებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება მიეცემათ.

„პროექტები, როგორიც არის ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, ხიდი რომელიც მაგისტრალს პირდაპირ მცხეთის გულს დაუკავშირებდა, საბაგირო ჯვრის მონასტერზე და სხვები, საერთოდ შეჩერდა. მაგრამ, არაუშავს. მჯერა რომ ამ პროგრესს ერთად გავაგრძელებთ,“ - მიმართავს ჩოჩელი ამომრჩევლებს.

2013 წელს ცეზარ ჩოჩელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამეწარმეო საქმიანობაში არაკანონიერ მონაწილეობაში დასდეს ბრალი. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩოჩელი საკუთარ კომპანიას შპს „ნიუ ენერჯის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა და დიდი რაოდენობით შემოსავალს იღებდა. ბრალდების მხარე ჩოჩელის დაპატიმრებას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 200 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 2014 წელს, მტკიცებულებების არარსებობის გამო სასამართლომ ჩოჩელს ბრალი მოუხსნა.

ორი წლის შემდეგ ჩოჩელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, როგორც მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მცხეთაში. ჩოჩელი დიმიტრი ხუნდაძესთან 60 ხმით დამარცხდა. მაშინ მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით ჩოჩელის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საოლქო კომისიაში 10-მდე საჩივარი შეიტანეს, ძირითადად ხმების დათვლის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმების შესახებ. ჩოჩელი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა, მაგრამ საოლქო კომისიამ საჩივრები არ დააკმაყოფილა. 

შალვა კერესელიძე - „ქართული ოცნება“

2020 წლის არჩევნებში ჩოჩელის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი შალვა კერესელიძეა. კერესელიძე 2018-2020 წლებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი იყო და თანამდებობა მიმდინარე წლის ივლისში, წინასაარჩევნოდ დატოვა. გუბერნატორობამდე კერესელიძე სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა. მათ შორის იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი. კერესელიძე ფლობს ორ ბინასა და ავტოფარეხს თბილისში, ერთ საცხოვრებელ სახლს სოფელ ციხისძირში და ერთს დუშეთში, ასევე მიწის ორ ნაკვეთს ციხისძირში და ერთს ბაზალეთში. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შალვა კერესელიძე რეგიონის სოფლების მოსახლეობას ხვდება და ისეთი პრობლემების მოგვარებას ჰპირდება, როგორიცაა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, გზების რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის მოწყობა. მაშინ, როცა პარლამენტის წევრის ძირითადი მოვალეობა კანონშემოქმედებითი საქმიანობაა.

თამაზ მეჭიაური - „ერთიანი საქართველოსთვის“

კერესელიძისა და ჩოჩელის გარდა, მცხეთა-მთიანეთის ოლქში კიდევ 13 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის თამაზ მეჭიაურიც, რომელიც ბოლო სამი წელი თიანეთის მერის თანამდებობას იკავებდა. მეჭიაური „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან მმართველი პარტია 2016 წელს ქვეყნის საგარეო კურსზე შეუთანხმებლობის გამო დატოვა. მაშინ მეჭიაური ამბობდა, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადების ფონზე, ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საშიში იყო. რუსეთმა ნატოს წვრთნებს „ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრული ათვისება“ უწოდა. 

„ქართული ოცნების“ დატოვების შემდეგ მეჭიაურმა საკუთარი პარტია „თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ დააფუძნა და 2017 წელს თიანეთის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი ერთი ხმით დაამარცხა და ეს იყო ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მერის არჩევნებში მმართველი პარტია პირველივე ტურში დამარცხდა. „ქართულმა ოცნებამ“ თიანეთის მე-20 უბნის შედეგები საოლქო კომისიაში გაასაჩივრა და ხელახლა დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 24 ბათილად ცნობილი ბიულეტინიდან 5 ნამდვილი იყო. თამაზ მეჭიაურმა, „საიას“ დახმარებით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მაშინ მეჭიაურმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში, არჩევნების გაყალბებაში საკუთარი ნათესავი, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დაადანაშაულა და ეს მისი ბიზნესინტერესებით ახსნა. მან ასევე განაცხადა, რომ ორჯერ თქვა უარი თიანეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე და ასე ბიძინა ივანიშვილის თხოვნის გამო მოიქცა. საბოლოოდ სასამართლომ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა და თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში მეჭიაურის მძღოლმა, 22 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ხუმარაშვილის დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თიანეთის მერის წარმომადგენელი ზურაბ ბექაური მის შვილზე ზეწოლას ახდენდა, რათა გაეგო ვის ხვდებოდა, რას აკეთებდა და სად დადიოდა თამაზ მეჭიაური. ბექაურმა ეს ინფორმაცია უარყო. 

ეკა ბესელია - „სამართლიანობისთვის“ 

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იყრის „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ყოფილი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე და ერთადერთი ქალი კანდიდატი ეკა ბესელია. ბესელია, რომელიც წლების განმავლობაში ადვოკატად მუშაობდა, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მაგრამ 2019 წლის თებერვალში პარტია მას შემდეგ დატოვა, რაც მისი კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. მაშინ ის აცხადებდა, რომ მისი და „ქართული ოცნების“ ღირებულებები ერთმანეთს ასცდა. ბესელია პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩა და რამდენიმე თვეში საკუთარი პარტია „სამართლიანობისთვის“ დააფუძნა. დეკლარაციის მიხედვით, ეკა ბესელია ფლობს თბილისში საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართსა და ავტოფარეხს. 

ბექა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია 

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ კანდიდატად პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის შვილი, 27 წლის ბექა ნათელაშვილი წარადგინა. ბექა ნათელაშვილი უფრო მეტად ცნობილია სამოქალაქო აქტივიზმით, ვიდრე პოლიტიკით. ის დუშეთის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „დუშეთის მომავლისთვის“ თავმჯდომარე და ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტია. სამოქალაქო პროტესტის დროს ორჯერ დააკავეს, ერთხელ აქციაზე სუს-ის შენობასთან, მეორედ მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან. მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ნათელაშვილი ასევე ააიპ „სმარტ თაობა დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელია. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში. მიმდინარე წლის არჩევნებში ბექა ნათელაშვილის კანდიდატურას „ევროპულმა საქართველომაც“ დაუჭირა მხარი და მცხეთა-მთიანეთის ოლქში საკუთარი კანდიდატი აღარ წარადგინა. 

ვაჟა ჩოხელი - „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ“

მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობა სურს დუშეთის მუნიციპალიტეტის ყოფილ გამგებელს ვაჟა ჩოხელსაც. ამ თანამდებობაზე ის 2014-2017 წლებში მუშაობდა. ვაჟა ჩოხელს შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 5 მრჩეველი ჰყავდა. გამგებლად მუშაობის დროს ჩოხელმა საჯარო მოხელეებს სხვადასხვა სახის მკურნალობა დაუფინანსა, კერძოდ: თავის მრჩეველს ირაკლი წიკლაურს გოგირდის აბანოები და სამკურნალო ტალახის პროცედურები; ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამილა ნადირაშვილს და მის შვილს ანი ნათელაშვილს - წონის რეგულირებასთან დაკავშირებული ანალიზები; საკრებულოს მთავარ სპეციალისტს ეკა აფციაურს - ცხვირის ძგიდის გასწორების ოპერაცია; იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტს ლაშა სალბიშვილს - თვალის მიკროქირურგიული მკურნალობა და სხვა.

სხვა კანდიდატები

მე-11 ოლქში კენჭს იყრის „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილი წევრი და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი იოსებ შატბერაშვილი. შატბერაშვილი 2012 წლამდე „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი იყო. წელს შატბერაშვილმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ 60 000 ლარი შეწირა, 2012 წელს კი „ლეიბორისტული პარტიის“ შემწირველი იყო. შატბერაშვილის ქონება მოიცავს ბინას თბილისსა და ქობულეთში, საცხოვრებელ სახლს მარტყოფში, ფართს თბილისსა და ბორჯომში, საკარმიდამო ნაკვეთს საცხოვრებელი სახლით კასპის რაიონის სოფელ წინარეხში.

„ლელომ“ მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი, რომელიც პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრია. ვახტანგაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო. ასევე მუშაობდა როგორც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის კონფლიქტის ზონის სამსახურის უფროსი. 

პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი ვახტანგ მარტოლეკია. მარტოლეკი 2005-2006 წლებში მცხეთის გამგებლის მოადგილე იყო, ხოლო 2006-2008 წლებში მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2008-2012 წლებში საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის ოლქში 87847 ამომრჩეველია. მათი ხმების მოპოვებას ჩამოთვლილი კანდიდატების გარდა შეეცდებიან „რეფორმერიდან“ - ბაკურ ბუჩუკური, „თავისუფალი საქართველოდან“ - გიორგი აბჟანდაძე, „შეცვალე საქართველოდან“ ვახტანგ იმერლიშვილი, „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობიდან“ გიორგი ლაფანაშვილი - დუშეთის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, „საქართველოდან“ - დენიზა სუმბაძე და ბადრი დავითური, რომელიც „ლევან ჩაჩუა, გურამ ფალავანდიშვილი - ქართულ იდეას“ წარმოადგენს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]