weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 1938 წლის რუკა ამყარებს ჩვენს პოზიციას – დარსალია

17:20 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის განახლებული შემადგენლობის მიერ მოპოვებული დოკუმენტები, მათ შორის რუკები, საერთაშორისო ექსპერტებმა შეაფასეს.

დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტების შუალედური დასკვნა/შეფასებები მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მიიღეს და 24 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც გადასცეს.

ლაშა დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:200 000 ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო სამართლის კუთხით აღნიშნული რუკა განსახილველია არა ცალკე აღებულად, არამედ როგორც 1:500 000-იანი მასშტაბის რუკის მხარდამჭერ დოკუმენტად, რომელიც, სავარაუდოდ, შესაძლოა 1:200 000-იან რუკას ეფუძნებოდეს, რომელიც 1938 წლის გადაწყვეტილების ოქმის დანართად არის წარმოდგენილი. თავის მხრივ, აღნიშნული გადაწყვეტილება/ოქმი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებით უკანასკნელი ორმხრივი შეთანხმებაა დადასტურებული 1996 წელს და საქართველოს ტერიტორიის საზღვრის დადგენისთვის საბაზისო დოკუმენტს წარმოადგენს“, – ნათქვამია საერთაშორისო ექსპერტების შუალედურ დასკვნაში, რომელიც დარსალიამ წაიკითხა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექსპერტებმა ასევე შეაფასეს ქართული მხარის მიერ სხვადასხვა დროს გადადგუმილი ნაბიჯების რელევანტურობა.

„არის იქ შეფასებები, რომ სხვადასხვა დროს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული გამონათქვამები ან ნაბიჯები არასათნადოდ ამყარებს ჩვენს პოზიციებს და პირიქით, შეიძლება ჩვენს საზიანოდაც იყოს გამოყენებული. შესაბამისად, შემდგომში შესაცვლელი იქნება მიდგომები აზერბაიჯანელ კოლეგებთან მიმართებაში.

ქართულ მხარეს დასჭირდება მოლაპარაკების პროცესში მტკიცებულებების გამყარება, რომელიც გარკვეულწილად წარსულში გარკვეულმა უმოქმედობამ, არასწორმა ქმედებებმა შესაძლოა, დაასუსტა. მოლაპარაკებათა პროცესში ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რატომ არ ვიყენებდით აქამდე ბევრ მასალას, ამაზეც იქნება კითხვები და ქართულ მხარეს მოუწევს შესაბამისი პოზიციის დაყენება.

რუკებთან დაკავშირებით მთავარი არის ის, რომ 1996 წლის შეთანხმების ძირითადი არსია, პრინციპულად მოხდა შეთანხმება, რომ 1938 წლის ხაზი არის მნიშვნელოვანი. კონკრეტული რუკაც იყო მითითებული, პროტოკოლიც არის მითითებული, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ეს შეთანხმება, ეს არის 1:500 000-იანი რუკები, ასევე იმ პროტოკოლში არის ნახსენები სხვა რუკებიც. პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ამყარებდა პოზიციას თუ სად გადიოდა 1938 წლის ხაზი, არის რელევანტური საქართველოს პოზიციის და არგუმენტების გასამყარებლად“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

როგორც ცნობილია, სადავო რუკა და სხვა მასალების ნაწილი ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა რუსეთში მოიძია და საქართველოში ჩამოიტანა. ლაშა დარსალიას განცხადებით, ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი მასალები ღირებული, მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სანდოა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა. კომისიამ განახლებული შემადგენლობით მუშაობა 2019 წლის მაისში განაახლა, მას შემდეგ, რაც დავით გარეჯში ვითარება დაიძაბა.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 7 ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელება ედებათ ბრალად.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს კომისიაში საქმიანობის პერიოდში, გააჩნდათ 1937-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი, თუმცა კომისიის წევრებს უმალავდნენ. პროკურატურის მტკიცებით, ამ რუკის დედანი ნატალია ილიჩოვას კაბინეტში აღმოაჩინეს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. დაკავებამდე ორი დღით ადრე, 5 ოქტომბერს, მელაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ სადავო რუკას ჯერ კიდევ 96-97 წლებში ჩაუტარდა ანალიზი უარი ითქვა მის გამოყენებაზე იმის გამო, რომ „შესაბამისობაში არ არის“.

„ანუ ზედ უამრავი ისეთი რამ არის - ვთქვათ, წერტილი წერტილს არ ემთხვევა, რკინიგზა რკინიგზას, სხვა მახასიათებლებს შორისაც არის სხვაობა რომ შეადარო სხვა რუკას. ისეთი სხვაობაა, რომელიც საფუძველს გაძლევს თქვა - ამ რუკის არგუმენტად, მით უმეტეს, მთავარ არგუმენტად გამოყენება საზიანო და მიუღებალია“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]