weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კალაძე ბოტკოველს ყარაჯალაში ზონდერ ჯგუფების მობილიზებაში ადანაშაულებს

15:07 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით, ზონდერ ჯგუფების მობილიზება ხდება.

„ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერ ჯგუფების მობილიზება.

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - ნებისმიერი სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, სახელმწიფოს ექნება უმკაცრესი რეაგირება

დესტრუქციის მოსურნეებს საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობა, გარანტიას გაძლევთ არ მიეცემათ და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი ბოტკოველის თქმით, კალაძის განცხადება დამფრთხალი ხელისუფლების საუბარია, რადგან მათ იციან, რომ არჩევნებს აგებენ.

„ათას რაღაცას დაგვაბრალებენ. ახლა ვიმყოფები სოფელ ყარაჯალაში, სადაც ხელისუფლება მობილიზებულია იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს. მიდის ადამიანებზე ზეწოლა როგორც უბნის გარეთ, ისე შიგნით. პირდაპირ მიუთითებენ მათ, რომ შემოხაზონ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. ჩვენი წარმომადგენლები ყველა უბანზე იმყოფებიან და მაქსიმალურად დავიცავთ ხმებს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და არა იმ მავნებლებმა, რომლებსაც ხელისუფლება აქვთ უზურპირებული.

ბოლო დღეებში ძალიან აქტიურად  ატარებენ ბრიფინგებს და მე მახსენებენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აქ არჩევნებს აგებენ. ამიტომ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს დაანახონ, ვითომ რაღაც ხდება. აქ ხდება ის, რომ აუცილებლად წააგებენ არჩევნებს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

29 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის პოლიტიკიდან საერთოდ წავა, თუ ბოტკოველი არჩევნებს მოიგებს.

ბოტკოველი მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც თელავი–ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატად. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 36 % მიიღო (10 018 ხმა). მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი სესიაშვილმა კი 41% (11 677 ხმა). მეორე ტურში სესიაშვილმა ხმების 69,46 % (17833 ხმა) მიიღო, ბოტკოველმა 30,54 % (7841 ხმა).

ბოტკოველმა კენჭი იყარა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც თელავის მერობის კანდიდატად და ხმების 27.71 % დააგროვა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა შოთა ნარეკლიშვილმა კი 54.78 %.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში ხმების 50.12 % მიიღო, დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს, 32.79 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]