weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პროვოკაციების ეპიცენტრად ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი განიხილებოდა – კალაძე

18:30 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის 4 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი - მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე.

მისივე თქმით, გეგმის შესაბამისად, ინციდენტი დაფიქსირდა გლდანში, სადაც „ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, მეტსახელად „ჭყიპინამ“ , მისი სახელი და გვარი, თუ არ ვცდები ირაკლი ეძგვერაძეა, მძიმე პროვოკაცია მოაწყო“.

კალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა, რათა „იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა“.

გლდანის საარჩევნო ოლქის რამდენიმე უბანზე დღეს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანზე ისროლეს კიდეც, თუმცა ამ ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია გლდანის ოლქში დაძაბულობის შექმნაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს, რომელსაც, მისი თქმით, მობილიზებული ჰყავს კრიმინალური დაჯგუფებები.

„კახა კალაძის მეგობარმა, ვინმე დათო კვიჟინაძემ, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და აი, ამ დროს, პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს“, - განაცხადა მელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გლდანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებზე 5 პირია დაკავებული. პირველადი ინფორმაციით, ისინი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

საარჩევნო უბნების დაკეტვამდე ორ საათზე ნაკლები დრო დარჩა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]