„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა!
ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე.
ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს!
მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ ხმა მისცა 59 603-მა ამომრჩეველმა, რაც 3.18%-ია. ამ დროისთვის ცესკოს 3847 უბნიდან დათვლილი აქვს 3735 საარჩევნო უბანი.
ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკში შემავალმა პარტიებმა, ასევე ბლოკმა „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ამ მომენტში აქციას მართავენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.
ამ თემაზე:
პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო