weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს ან პარლამენტში მარტო დარჩებიან – ჟორჟოლიანი

13:28 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ყველა, ვინც პარლამენტში შესვლით არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს, „ხალხისგან შესაბამის პასუხს“ მიიღებს.

ჟორჟოლიანის თქმით, აუცილებელია აქციების გამართვა, რათა ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა მას „არჩევნების წართმევას არ პატიობს“.

„ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე, ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს, თავად აფეთქდებიან. სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს. ის, რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით, ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია, თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს.

მთავარია, ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები“, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 48.15% მიიღო; საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.14%; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78%; „ლელომ“ – 3.15%; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14%; „გირჩმა“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33%; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათ გუშინ, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, თბილისში აქცია გამართეს და შემდეგი მასშტაბური აქცია 8 ნოემბრისთვის დააანონსეს. რამდენიმე პარტიის წევრმა უკვე განაცხადა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტში არ შევლენ. „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

ნანუკა ჟორჟოლიანმა N22 მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველთა ხმების 31.52% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ – 51.02%.

 

ამ თემაზე:

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებს აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

პარლამენტში 9 პარტია შევა – მომავალი დეპუტატების სია პირველი ტურის შედეგების მიხედვით

„ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 14 ოლქში მოიგო, 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]