„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად. ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტიკურმა საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ
„ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რამდენადაც ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს „ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“.
„გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ნამდვილად ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგები გამოიწვევს არცერთ კითხვის ნიშანს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ლელო“ ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიიდან, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, ამ პარტიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 3.15%-მა, რაც ოთხი მანდატია. „ლელოს“ პარტიული სიის პირველ ოთხეულში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი არიან.
„ლელოს“ გარდა, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი პარტიები, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“. „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, „გირჩიც“ უარს იტყვის.
ამ თემაზე: