weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოპოზიცია აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმების ბათილობაზე უკვე 853 საჩივარი მოამზადა

01:15 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020
ფოტოზე თამარ კორძაია ფოტოზე თამარ კორძაია

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დიპლომატიურ კორპუსს, სართაშორისო საზოგადოებასა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს და აცხადებს, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ხელთ არსებული მონაცემები, სამართლიანი სასამართლოს პირობებში, საკმარისი საფუძველი იქნებოდა, არჩევნების შედეგების გასაუქმებლად და ხელახალი კენჭისყრის დასანიშნად.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამ საკითხზე განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, დამკვირვებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს გარდა იმისა, რომ არჩევნების დღეს ხელისუფლება ძალადობდა, ზეწოლას ახორციელებდა და იყო ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ეს არ აღმოჩნდა მისთვის საკმარისი და კენჭისყრის შედეგების, შემაჯამებელი ოქმების შედეგების შესწავლამ დაგვანახა, რომ მდგომარეობა არის რეალურად უმძიმესი. ამ წუთის მონაცემებით ჩვენი ბლოკის მიერ მომზადებულია 853 საჩივარი. ეს საჩივრები ეხება უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, ბუნებრივია, ამაში შედის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები.

გარდა ამისა, ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3.5%-ს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. 

თუ შევადარებთ ამ მონაცემებს საზღვარგარეთ მიცემული ხმებიდან ამოსული ბათილი ბიულეტენების რაოდენობას, იქ არის მხოლოდ 1%. ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იქ სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას, იქ სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია. შემიძლია ერთი სანიმუშო მაგალითი მოგიყვანოთ - ნინოწმინდის ერთ-ერთ უბანზე 203 ბათილი ბიულეტენი ამოვიდა.

გარდა ამისა, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული შემაჯამებელი ოქმებიდან, 3491 ოქმიდან შესწორების ოქმი შედგა 615 შემთხვევაში, რაც შეადგენს 17.6%-ს. მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმებიდან 3445 შესწორებულია 590 ოქმი, რაც არის 17.1%-ს. შესწორებული ოქმების გარდა ჩვენს ხელთ არის უამრავი ოქმი, რომელში მონაცემები ერთმანეთს ვერ ედრება. ჩვენ ასევე გვაქვს უმძიმესი ოქმები, რომლებსაც ხვალ საბოლოოდ შევატყობინებთ საზოგადოებას.

იმ ვითარებაში, როდესაც არ გვაქვს სამართლიანი სასამართლო, ძალიან რთულია სამართლიანობაზე საუბარი, თუმცა ჩვენ, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, ჩვენი მონაცემები საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის 17-ე პუნქტის თანახმად უნდა გაუქმდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა.

გაყალბება იმდენად მასშტაბური და მასობრივი იყო, რომ ხშირად ბალანსის ვერ შედგენის გამო, იწერებოდა შესწორების ოქმები და ეს შესწორების ოქმებიც კი შეცდომით არის შედგენილი.

ვრცელდებოდა ვიდეოჩანაწერები, სადაც კომისიის წევრები აყალბებდნენ ხელმოწერებს და ხელს აწერდნენ სხვა კომისიის წევრების ნაცვლად. ამიტომ ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება გამოვლინდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ამსახველი.

ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები გვაძლევს ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ნამდვილად დგას ეჭვ ქვეშ, რადგან ის შედეგები, რასაც დღესხელისუფლება და ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, არ აახავს საქართველოს მოქალაქეების ნება პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს არჩევნები მოგვპარა“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი ასახულია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შეფასებაში, რომელიც არჩევნების მეორე დღესვე გამოქვეყნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც, ISFED-ს განცხადებით, სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. 

 

ამ თემაზე:

შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსზე დეზინფორმაცია ვრცელდება – ცესკო

მცხეთა-მთიანეთს შალვა კერესელიძე 0.21 %-ით იგებს, გაბათილებულია 1711 ბიულეტენი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]