weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოქმებში ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში 20 საჩივარი შეგვაქვს – კორძაია

12:50 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

საარჩევნო ბლოკის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების შემაჯამებელ ოქმებზე ხელმოწერები გაყალებულია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. კორძაიას თქმით, პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ.

„დღეს, ხელმოწერების გაყალბებაზე პროკურატურაში შეგვაქვს 20 საჩივარი იმიტომ, რომ შესწორების ოქმებსა და შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხელმოწერები, ვიზუალური დათვალიერებითაც კი ნათლად ჩანს, რომ გაყალბებულია“, – თქვა თამარ კორძაიამ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გაყალბებული ხელმოწერები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ოქმებში გამოავლინეს და გამორიცხული არ არის, სხვაგანაც „მსგავსი ტიპის კრიმინალი“ იყოს ჩადენილი.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ საჩივრებს, თამარ კორძაიას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ 1216 ასეთი საჩივარი აქვს დაწერილი. როგორც კორძაიამ განაცხადა, საჩივრები შეეხება შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას, შედეგების გადათვლას და სხვადასხვა დარღვევებს.

„შეტანილია 1216 საჩივარი, ეს არის საარჩევნო უბნების 1/3. ჩვენ ვითხოვთ, იქ, სადაც უფრო მეტი ბიულეტენი ამოვიდა, ვიდრე ამომრჩეველთა რაოდენობაა, სრულად ბათილობას; იქ სადაც, არის შანსი, რომ იყოს გადათვლილი და ზუსტი მონაცემები დადგენილი, ვითხოვთ ხელახალ გადათვლას.

ჩვენი ბლიკი „ძალა ერთობაშია“ არ იბრძვის მხოლოდ საკუთარი გამარჯვებისთვის და ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული ფაქტი, რომელიც ეხება კოვიდ-პანდემიის პირობებში 2 მილიონამდე მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს. მათ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გააკეთეს არჩევანი და მას ხელისუფლება იპარავს, ეს ხელისუფლებას არ უნდა შერჩეს“, – აღნიშნა კორძაიამ.

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარტიებმა გუშინ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და „გადადგამენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ რევიზიას 7000-ზე მეტი ოქმი გადის და ცესკოს საბოლოო შედეგები ჯერ არ დაუდია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]