weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

კახეთში, ზუგდიდსა და თბილისში ოპოზიცია მეორე ტურისთვის ემზადება – კობახიძე

15:21 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ემზადება არჩევნების მეორე ტურისთვის, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს. როგორც კობახიძე ამბობს, აქვს ძალიან პოზიტიური და საფუძვლიანი მოლოდინი, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიციური პარტიებიც შევლენ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია მეორე ტურისთვის კახეთის, ზუგდიდსა და თბილისის ოლქებში ემზადება.

„ჩვენ გვაქვს ადგილორბივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. ასეთი ინფორმაცია მაქვს კახეთიდან, ზუგდიდიდან და თბილისის ოლქებიდან. აქ აქვთ დაწყებული მუშაობა, მათ შორის აგიტატორების მობილიზაცია და ასე შემდეგ.

ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა და ჩვენ დიდი იმედი გაქვს და დარწმუნებულიც ვართ უკვე, რომ ეს ასე არ იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება 30-დან 16 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დანარჩენ 14 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა 31 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგად შეძლეს. შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს მცხეთა-მთიანეთის ოლქშიც, სადაც შალვა კერესელიძეს ხმების 50.21% აქვს მიღებული. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში საუბნო მაჟორიტარული შედეგები გაუქმდა, თუმცა კერესელიძის პროცენტულ მაჩვენებელზე ამ დროისთვის ეს არ არის ასახული.

კახეთში მეორე ტური მე-10 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უნდა გაიმართოს, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს აერთიანებს. ამ ოლქში“ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ხმების 47.26% (41 662 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოლტოველს – 40.43% (35 645 ხმა).

ზუგდიდის 27-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს 48.24% (26 085 ხმა) აქვს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, მალხაზ ჯალაღონიას – 36.94% (19 973 ხმა).

მეორე ტური ჩატარდება თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ცესკოს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. პარტიებმა გუშინ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და „გადადგამენ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდნენ ე.წ. პარლამენტში“. ოპოზიციის წარმომადგენლები ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და როგორც არაერთხელ განაცხადეს, მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]