weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არჩევნები მიტაცებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებში ამის გაფორმება გრძელდება – კორძაია

11:03 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

„დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც არჩევნები მიტაცებულია და ამჟამად ამ მიტაცების გაფორმება გრძელდება საოლქო საარჩევნო კომისიებში“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, თამარ კორძაიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით.

კორძაიას განმარტებით, საოლქო საარჩევნო კომისიები არ განიხილავენ პოლიტიკური პარტიების საჩივრებს და მათი წარმომადგენლებისგან დამატებითი დოკუმენტის წარდგენას ითხოვენ, რაც დაადასტურებდა, რომ ისინი უფლებამოსილი პირები არაიან. როგორც თამარ კორძაია ამბობს, კომისიები დაბრკოლებებს მიზანმიმართულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დავალებით, ქმნიან. 

„დაიწყო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჩივრების განხილვა და გადავედით უკანონობისა და განუკითხაობის მეორე ტალღაზე. სრულიად დაუსაბუთებლად, კანონის არასწორი განმარტების საფუძველზე საოლქო საარჩვნო კომისიები განუხილველად ტოვებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ შეტანილ საჩივრებს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მიხვდა, რომ ჩიხში შევიდა და ვერ აუვა იმ საჩივრების განხილვას იმ დარღვევების სიდიდსა და მასშტაბის გამო, რითიც არჩევნები ჩაატარა.

მიგვაჩნია, რომ უკანონობა გრძელდება და ჩვენ არ გვაძლევენ შესაძლებლობას, არ გვიტოვებენ მბჟუტავ იმედს იმასთან დაკავშირებით, რომ საჩივრებით მაინც მივაღწევთ სიმართლეს და დადგება სამართლიანობა, თუნდაც, ფორმალური პროცედურების ჩატარების გზით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დავალებით, საოლქო საარჩევნო კომისიები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ეუბნებიან, რომ მათ, თურმე, არ ჰყოფნით პარტიის მიერ გაცემული წარმომადგენლობა იმისთვის, რომ შეიტანონ საჩივრები და, თურმე, დამატებით, კიდევ სჭირდებათ რწმუნებულება, რომ უფლებამოსილ სუბიექტებად ჩაითვალონ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართავ, დაუსრულებელი არ არის უკანონობი ზღვარი და ეს უნდა დაასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება ნამდვილად გაგცემთ პასუხს. ყოველ არჩევნებზე სწორედ ამ წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება, რომ წარედგინათ საჩივრები. წელს რატომ შეცვალეთ პრაქტიკა? შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ ამ წარმომადგენლებმა უნდა დაგიმტკიცონ, თუ როგორ გააყალბეთ არჩევნები“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა გუშინ დაიწყეს და ეს პროცესი 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმაც“ (ISFED) განაცხადა, რომ რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ საჩივრები სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვა, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ დააკმაყოფილა. როგორც ISFED-ი აცხადებს, კომისიები საჩივრების განუხილველად დატოვების ერთ-ერთ მიზეზად დამკვირვებლების მხრიდან მინდობილობის წარუდგენლობას ასახელებდნენ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მოუწოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალურად ეცადონ, გადათვალონ რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენები და ამ გზით გაზარდონ ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც იქნებიან პასუხისმგებლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

თამარ კორძაიას ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გაერთიანებულ ოპოზიციას“ 1216 საჩივარი აქვს დაწერილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]