weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართული ოცნება ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებს – დეკანოიძე

22:16 შაბათი, 07 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამორალურს და უტიფარს უწოდებს „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებების შემდეგ გადაწყვიტა. 

„ვიზიარებ წუხილს, თანავუგრძნობ ოჯახს, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ის, რაც იკადრეს და კადრულობენ „ქართული ოცნების“, კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის მონები და მსახურები, სცდება ყოველგვარ ზღვარს, არის ფსკერზე უფრო ქვემოთ, ვინაიდან დღეს, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უმრავ ადამიანზე ზეწოლის შემდეგ, კომისიის უამრავ წევრზე და მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, გამოდიან და ჰყოფნით იმის თავხედობა, უტიფრობა, რომ კვლავ ადამიანების სიცოცხლით პოლიტიკურ მანიპულაციებზე ისაუბრონ.

რა გჭირთ ხალხო?! ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული მორალი, ელემენტარული ადამიანობა, რომ დღეს, ამ სიტუაციაში, კვლავ ადამიანის სიცოცხლით არ ივაჭროთ და პოლიტიკურ მანიპულაციებზე არ ისაუბროთ?! ნუთუ არ გაგაჩნიათ ელემენტარული შინაგანი შეგრძნება იმის, თუ რა დღეშია დღეს თუნდაც ამ ადამიანის ოჯახი?!

თქვენ ხართ ამორალური ადამიანები, სრულიად ფსკერი, ვინაიდან ბედავთ და რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ იგივე ამორალურობაზე საუბრობთ.

თუ ჩატარდება ობიექტური გამოძიება, და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება მას შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წავა და ჩამოსცილდება ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიგებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ნამდვილად აქვს ძალადობას ადგილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

თედორე გობეჯაშვილის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ წევრის, გიორგი ხელაშვილის დღევანდელი ბრიფინგიდან. განცხადება გაავრცელა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც, სადაც ნათქვამია, რომ ოლქის თავმჯდომარე მოულოდნელად გარდაიცვალა.

„ქართული ოცნება“ თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებას მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს.

„ჩვენი ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები გუშინ, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუწარის გამოყენებით. ერთ-ერთი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა და სამართალდამცველებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისია ერთ-ერთია, სადაც ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. ბოლო დღეებში, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ საჩივრების განხილვის დროს, აქციები ისნის საოლქო კომისიასთანაც იმართებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]