ნიკა მელიას თქმით, კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ აქციაზე დარჩენის გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს.
„აქ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ისინი აპირებენ დღეს რუსთაველის გამზირზე დარჩენასა და პროტესტის გაგრძელებას, მაგრამ გვინდა, რომ ენერგია შემოგანახინოთ თქვენ; გვინდა, რომ იყოთ ჯანმრთელად და მხნედ, მათ შორის, შაბათისთვის. ამიტომ ვერცერთ თქვენგანს ვერ დავავალდებულებ, რომ დარჩეთ.
მე, ბუნებრივია, აქ დავრჩები მეგობრებთან ერთად, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც უნდა დარჩეთ. თუ არ დარჩებით, ამით თქვენ ჩვენც შეგვიმსუბუქებთ ცხოვრებას, იმიტომ, რომ საკმარისად დავრჩებით, ბავშვები, ახალგაზრდები რჩებიან, ჩვენ მათ ვერ მივატოვებთ. აქ საკმარისი ახალგზარდები რჩებიან პოლიტიკოსებთან ერთად და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს რეჟიმი.
ვინც ვერ გამოდის სახლიდან, აივნებიდან გავაპროტესტოთ, 10 საათის შემდეგ, ელემენტარული შეძახილით - „წადით“. ეს უნდა ვაქციოთ ტრადიციად ამ კომენდანტის საათის დროს“, – მიმართა აქციის მონაწილეებს მელიამ.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, თბილისსა და 6 დიდ ქალაქში შეიზღუდება როგორც ფეხით, ისე ავტოტრანსპორტით გადაადგილება. რეგულაციის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, შეზღუდვის მოხსნის საკითხი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
მეორე დღეა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ამ თემაზე:
კომენდანტის საათის აქციებზე გავრცელება უკიდურესად გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს – IDFI