weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან – გრიგოლ ვაშაძე პარტიებს

14:11 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ. ვაშაძის განცხადებით, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ აქვს უფლება, შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

გრიგოლ ვაშაძის ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება – სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა – ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია.

ამავე დროს, უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში.

საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ.

თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთას, არ მიაქცევს ყურადღებას არასამთავრობო სექტორის რჩევებს, და იმას თუ რას გვთავაზობენ ჩვენი მოკავშირეები თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით, ანუ აუცილებელი ცვლილებების უზრუნველყოფას დემოკრატიული პროცესის მშვიდობიანი განვითარების გზით, ჩვენ დავკარგავთ სახელმწიფოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარების გზაზე გაყვანის შანსს.

მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.

ამისათვის კი აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ბოლომდე მივიყვანოთ სადაო უბნების გადათვლისა და სასამართლოების მიერ ოპოზიციის საჩივრების განხილვის პროცესი, რაც მოგვცემს საშუალებას დავასრულოთ ეს პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის წარმომადგენლების სამართლიანი გამარჯვებით და პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებით.

ცესკოს თავჯდომარე უნდა გადადგეს.

მომავალ პარლამენტში კი უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის დარღვევებს მიმდინარე არჩევნებში, გამოავლენს პასუხისმგებელ პირებს და უზრუნველყოფს ისეთი საარჩევნო სისტემისა და გარემოს შექმნას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს გაყალბებებს და ამომრჩეველთა ხმების მითვისების შესაძლებლობას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ ქართველები, ანუ მრავალი ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილების საქართველოს მოქალაქეები, და მხოლოდ ამის შემდეგ პოლიტიკური პარტიების წევრები.

პირველ ადგილზე სამშობლოა და შემდეგ პოლიტიკა და პარტიული ინტერესები.

გავაკეთოთ არჩევანი სამშობლოს უსაფრთხო და ბედნიერი მომავალის სასარგებლოდ.

არავის, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, მიუხედავად ოპოზიციის დასაბუთებული არგუმენტებისა და პროტესტისა, არ აქვს უფლება შეეგუოს უმართავი პროცესების განვითარებას.

საქართველო უპირველეს ყოვლისა!“.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ახალი პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური. ისინი უარს ამბობენ პარლამენტში შესავლაზე და ახალი საარცევნო ადმინისტრაციის პირობებში, ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ამის შესახებ მათ 3 ნოემბერს მემორანდუმიც გააფორმეს.

„ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე და გადავდგამთ ყველა პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაბიჯს, რომ დე იურე და დე ფაქტო არ შევიდეთ ამ ე.წ. პარლამენტში.

ჩვენ ამ პარლამენტს არ მივიჩნევთ ლეგიტიმურად, რადგან ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას.

ოპოზიციის მოთხოვნაა არჩევნების შედეგების გაუქმება, განმეორებითი, ხელახალი არჩევნების ჩატარება და ყველა იმ დარღვევის სისტემური აღმოფხვრა, ცესკოს დაკომპლექტების წესის ჩათვლით, რამაც გამოიწვია ამ არჩვენების სისტემური გაყალბება“, – ნათქვამია მემორანდუმში.

პარტიების ორგანიზებით 8 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელმაც შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომის, ხელახალი არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა 9 ნოემბერსაც. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს გაიმართება.

 

ამ თემაზე:

გრიგოლ ვაშაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]