გახარიას თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ეს თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობაა.
„ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევბით სავსე ეპოქაში, როდესაც ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, დემოკრატიული პროცესები და
დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კარგად ესმის პოლიტიკურ სპექტრს და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი და სწორად გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში“, – განაცხადა გახარიამ.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს და მორიგი გამოსვლა 14 ნოემბრისთვის დაანონსეს.
10 ნოემბერს განცხადება გაავრცელა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ და პარტიებს მიმართა, პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.
„სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აცხადებდა ვაშაძე.
ამ თემაზე:
დიპლომატების მიერ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა – ვაშაძე