„ქალბატონი ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა და გაფორმდა გაყალბებული, არშემდგარი არჩევნები ბედავს და ამბობს: არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ იქ, სადაც ერის მოღალატეების ადგილია. გონს მოეგეთ, ქალბატონო ჟვანია!
არასოდეს არავისთვის მისურვებია თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, პატიმრობისთვის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ამ რეჟიმის მხრიდან დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესაც ანტისახელმწიფოებრივი, უკიდურესად მოღალატეობრივი და მას არ უნდა ეპატიოს.
იგი თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, იმიტომ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედოს აი, თქვენ, რომ ხმას მისცემთ, თქვენ რომ თქვენი წრფელი გულით წახვალთ საარჩევნო უბანზე, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, პროტესტი სულ უფრო და უფრო მძაფრი გახდება და „რეჟიმს ორი არჩევანი აქვს: ან ძალიან მტკივნეულად მარცხდება და დაენარცხება ძირს, ან მშვიდობიანად ჩაბარდება მოსახლეობას“.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მთავარი გამარჯვება წინა არის, თუმცა ოპოზიცია უკვე გამარჯვებულია, რადგან არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე.