ხმის მიცემის შემდეგ ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ თქვა, რომ ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, დაამტკიცოს, სახელმწიფოებრივად მოიქცევა თუ არა.
„ჩვენ ველით, რომ ოპოზიციური სპექტრის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს სახელმწიფოებრივად სწორ გადაწყვეტილებას და შევლენ პარლამენტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა უკომენტაროდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა – უქმნის თუ არა დისკომფორტს ის ფაქტი, რომ მეორე ტურში ოპოზიცია არ მონაწილეობს.
საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს.
31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით მიმდინარეობს.