„მე ვახსენე, რომ პანდემიის მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რთული ვითარებაა და არანაირი პროგრესი იქ არ შეინიშნება, პირიქით სიტუაცია უარესდება. შეწყვეტილია მიმოსვლა. ისიც ვახსენე, რომ სულ ახლახანს ექიმი გარდაიცვალა იმის გამო, რომ დროულად არ გამოუშვეს.
მათ აქვთ სტანდარტული პასუხი, თვლიან, რომ ეს მხარეები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია და რომ ამ საკითხებზე აფხაზეთისა და ცხინვალის ხელისუფლებებს უნდა ველაპარაკოთ. მე გამოვთქვი სურვილი, უახლოეს მომავალში ეს საკითხები დეტალურად იქნას განხილული ჟენევის ფორმატში“, – განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფორმატი მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო საკითხების განსახილველადაა შექმნილი, ხოლო ჰუმანიტარული საკითხები ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში განიხილება.
„ჟენევასთან ერთად ერგნეთშიც ხვდებიან და განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს. ეს ფორმატები მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ჩვენი მხრიდან. როგორც ვიცი, სრული მზადყოფნა და დაინტერესებაა ამისთვის. მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა“, – უთხრა რეგინფოს ზურაბ აბაშიძემ.
ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გუშინ, 27 ნოემბერს გაიმართა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მზად არის ითანამშრომლოს ქართველ პარტნიორებთან COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლის საკითხზე, მათ შორის, ვაქცინების გამოყენებით.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2019 წლის 4 სექტემბერს ახალგორის მიმართულებით არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მძიმე პაციენტების გადმოყვანაც კი პრობლემა გახდა. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც ადგილობრივები „რეგინფოსთნ“ ამბობენ, ცხინვალის საავადმყოფო კოვიდ-ინფიცირებულებით არის სავსე, რის გამოც სხვა დაავადებების სამკურნალოდ პაციენტებს ვერ იღებენ. 14 ნოემბერს ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმი ონისე გათენაშვილი იმის გამო გარდაიცვალა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მისი თბილისში გადმოყვანის ნებართვა დროულად არ გასცა.