weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმოწერა გაასაჯაროვა

15:51 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმართა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, ბრალდებულების – აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის მიმართ არ არსებობს სათანადო მტკიცებულებები, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

პროკურატურა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს, რაც ბრალდებულების მიმოწერაა.

„მიმოწერა ადასტურებს, რომ ბრალდებულები მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად, თედორე გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ მათ შორის იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თედორე გობეჯიშვილს დააპატიმრებდნენ.

ბრალდებული აკაკი კობალაძე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძეს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: „ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე“. აკაკი კობალაძე გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: „რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა“, ასევე - „არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება“, რაშიც ბრალდებული თედორე გობეჯიშვილისთვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50 000 აშშ დოლარს გულისხმობს“, – აცხადებს პროკურატურა.

აკაკი კობალაძის მეუღლემ, სოფო სოსელიამ „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ პროკურატურამ ამ შეტყობინებებზე თედორე გობეჯიშვილის პასუხი არ გაასაჯაროვა.

„როდესაც ეს მიწერა, თედომ პასუხად მოწერა - „თქვენი ღლიცინის დრო არ მაქვს“, ანუ თედომ აღიქვა ეს მუქარად პასუხად ეს მიწერა? გააგრძელონ და აჩვენონ ის სქრინი, ჩვენ არ გვაქვს, ფიზიკურად ვერ ამოვიღეთ“, – ამბობს სოფო სოსელია.

აკაკი ხუსკივაძის მეუღლის, ნათია მეტონიძის თქმით, მიმოწერა მეგობრებს შორის ხუმრობაა და მისთვის გაუგებარია, სად იყო მუქარა ან ქრთამის შეთავაზება: „ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ და ჰქონდათ ასეთი შეხუმრებული საუბარი“.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 7 ნოემბერს 43 წლის ასაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. მომდევნო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ნოემბერს, თბილისში, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

„ასევე, აკაკი კობალაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული“, – აცხადებს პროკურატურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]