„დანარჩენი საკითხები ასევე მნიშვნელოვანია, ოღონდ არჩევნების გარეშე, ბუნებრივია, არანაირ დანარჩენ საკითხზე შეთანხმება უბრალოდ არ შედგება. აი, ეს არის მოცემულობა. ამიტომ ჩვენი მოლოდინი არის ისევ მესამე რაუნდზე, რომელსაც ველით, რომ უკვე მალე, სავარაუდოდ, ხვალ, ზეგ იქნება. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის არჩევნების ჩატარება და ისე ჩატარება, რომ გაყალბება, ის ინსტრუმენტები, რომლებიც იქნა გამოყენებული, ახლა აღარ იყოს ხელმისაწვდომი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
რაც შეეხება პლებისციტს, სერგი კაპანაძის თქმით, პლებისციტი არის „უბრალოდ ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება მივიდნენ ახალ არჩევნებამდე“.
ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 4 დეკემბერს ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებს თავიანთი მოთხოვნები წერილობითი ფორმით გადასცეს იმისთვის, რომ დიპლომატებს ისინი „ქართული ოცნებისთვის“ გაეცნოთ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ არის ფორმულირებული ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები, თუმცა, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მათიმხრიდან ძალიან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ შეთანხმება მოხდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში „ქართული ოცნების“ გარდა 8 პარტია და საარჩევნო ბლოკი მოხვდა. 150 მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ – 60.