weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით დაიძლევა – მელია

20:17 კვირა, 06 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. როგორც მელიამ დღეს, „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, იმ შემთხვევაში, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნება, პარლამენტში მისი პარტიის სიით გასული არც ერთი ადამიანი შევა.

„ხელისუფლებამ იცის ჩვენი წინადადებები, ხელისუფლება დუმს, ხელისუფლება, რომელმაც 31 ოქტომბერს გადადგა ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც გამოიხატა არჩევნების არ ჩატარებაში, აქედან გამომდინარე შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი. ამ პოლიტიკურ კრიზისს ახლა უნდა დაძლევა. როგორ დაიძლევა? მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნებით, სადაც თავისუფალ გარემოში გამოხატავენ მოქალაქეები თავიანთ ნებას. „ოცნებას“, როგორც სუბიექტს, რომელმაც მიიტაცა ხალხის ნება, მოუწევს დათმობაზე წამოსვლა, იმიტომ, რომ ისინიც კი უსწორებენ რეალობას თვალს.

ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური საბჭოს მიერ დაკანონებული, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული არც ერთი ადამიანი არ შედის პარლამენტში“, – განაცხადა მელიამ.

ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 4 დეკემბერს ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებს თავიანთი მოთხოვნები წერილობითი ფორმით გადასცეს იმისთვის, რომ დიპლომატებს ისინი „ქართული ოცნებისთვის“ გაეცნოთ. 5 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი „ქართული ოცნების“მხრიდან არ განიხილება.

„სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას და ოპოზიციისგანაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, დესტრუქციული ელემენტებისგან თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში „ქართული ოცნების“ გარდა 8 პარტია და საარჩევნო ბლოკი მოხვდა. 150 მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ – 60. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]