ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ არ განიხილავს განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს.
„დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ნამდვილად, ეს ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ, გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შევძლებთ პოზიციების ისე შეთანხმებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმების გაფორმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.
განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩევენი პოზიცია საჯაროდ არაერთხელ დავაფიქსირეთ და რასაკვირველია, ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს „ქართული ოცნება“ არ განიხილავს და რა თქმა უნდა, ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ.
პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ ის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ერთ-ერთი საკითხი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტური შეცვლაა და ამაზე მსჯელობა გაგრძელდება.
„არის საკითხები, სადაც ვერ ვთანხმდებით - რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების საკითხი, თუმცა შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ამ სამუშაო რეჟიმში მუშაობას. ჯერჯერობით არ დასმულა საკითხი, რომ ვინმე პარლამენტში შედის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამდგომლობით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 4 დეკემბერს ოპოზიციის ლიდერებმა ელჩებს თავიანთი მოთხოვნები წერილობითი დოკუმენტის ფორმით გადასცეს იმისთვის, რომ დიპლომატებს ისინი „ქართული ოცნებისთვის“ გაეცნოთ. მოლაპარაკებების დეტალებზე მხარეები საჯაროდ არ საუბრობენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში „ქართული ოცნების“ გარდა 8 პარტია და საარჩევნო ბლოკი მოხვდა. 150 მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ – 60.