„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი, თუ გინდათ დეპუტატი, ნებისმიერი ბარიერგადალახული პარტიიდან, არ შევა. არც ერთი დეპუტატი, არც ერთი ოპოზიციონერი არ შევა, მეათე მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა, ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი, ეს იქნება პუფი, უბრალოდ, რაღაც ნივთი. ანუ, ვინმე თუ შევა და პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, ვინმე თუ პოლიტიკურ ცდუნებას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს – ჩემი პოზიცია ასეთია. როგორ წარმოგიდგენიათ, ექვსი კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ამ ექვსმა ადამიანმა?“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ მითქმა-მოთქმას ბოლო მოეღოს, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს ის დოკუმენტი, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საუბარი მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია, რომ გასაჯაროვდეს დოკუმენტი, რაზეც საუბარი მიმდინარეობდა ამ დღეების განმავლობაში - რაზე არის „ქართული ოცნება“ წამომსვლელი, რაზე თანხმდება ოპოზიცია და რაზე არ თანხმდება, ვინ თანხმდება და ვინ არა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას და დაესმება დღეს, დარწმუნებული ვარ.
სამი მოთხოვნა - ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. პირველი ორის გარეშე მესამეზე მიმდინარეობს ახლა საუბარი. პირველი და მეორე კომპონენტის გარეშე მესამე კომპონენტზე საუბარი დროის ფუჭად კარგვად მიმაჩნია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიციიდან 5-6 ადამიანი მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებს შესვლას. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს არის დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ოპოზიციამ, საერთო ჯამში, 60 საპარლამენტო მანდატი მოიპოვა.