weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ალეკო ელისაშვილმა თქვა, რა შემთხვევაში დათანხმდება პარლამენტში შესვლას

14:33 ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შედეგად საარჩევნო სისტემის რეფორმაზე შეთანხმება მოხდება, მეათე მოწვევის პარლამენტში შესვლას დათანხმდება.

ამის საკითხზე ელისაშვილმა დღეს, ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მოლაპარაკებებზე დადის, არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში არჩევნებისადმი ნდობა გაჩნდეს.

„30 წელია, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა რა არის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ ან რევოლუცია ხდება, ან გადატრიალება, ან უბედურება. მინდა, ეს წარსულს ჩავაბაროთ და არჩევნებზე მივდიოდეთ არა შიშით, რომ, ვაიმე, იქ ძველი ბიჭი არ იყოს, იქ სუს-მა არ დამინახოს, არ შემოვხაზო ცუდად, არა, მივდიოდეთ, როგორც დღესასწაულზე და ეს იყოს რაღაც მოქალაქეობრივი ზეიმი. შემოვხაზოთ და შემდეგ აღარ გვქონდეს შიში, რომ იქ ვიღაც თამარ ჟვანია და ვიღაც დაჯდება, იმამაძაღლებს. ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით,

მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდან ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი.

აი, ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი. იქაც ვამბობ, აქაც ვამბობ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის განცხადებით, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შესრულდება ის, რაზეც მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმდებიან.

„უცბად, ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა, უნდა ვიბრძოლოთ. შარშან ვიბრძოლეთ, გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით, უნდა გამოვგლიჯოთ საარჩევნო, სანდო, საიმედო სისტემა. კიდევ გეუბნებით, თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული, პირნათელი ჩემ შვილებთან, თქვენ შვილებთან, ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში, ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ, ის შესრულდება და იმის გარანტიები უნდა იყოს. არანაირი ფული, არანაირი მამაძაღლობა ამის უკან არ დგას და ვერასოდეს ვერ იდგება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, პარტიამ „მოქალაქეები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ორი მანდატი მოიპოვა, რაც ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანზე ნაწილდება. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს 150-დან ჯამში 60 მანდატი აქვთ, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 90. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკოს შედეგები არ ასახავს ამომრჩევლთა ნებას.

მოლაპარაკებებზე ოპოზიციის ლიდერებმა ხელახალი არჩევნების ჩატარების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლების, საარჩევნო სისტემის შეცვლის და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნები დააყენეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]