weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქართული ოცნება - 47.6%, ენმ - 27.4% – ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები დააზუსტა

00:56 შაბათი, 12 დეკემბერი 2020
ფოტოზე - ISFED-ის დირექტორი ელენე ნიჟარაძე ფოტოზე - ISFED-ის დირექტორი ელენე ნიჟარაძე

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა.

„საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, დღეს დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% აიღო.

პარალელური დათვლის დაზუსტებული მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ 27.4% აქვს, თავდაპირველი ინფორმაციით კი 26.4% ჰქონდა. ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ამ საარჩევნო სუბიექტმა ხმების 27.18% მიიღო.

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიმდინარეობს ხარვეზის გამომწვევი მიზეზების მოკვლევა, რომელშიც ასევე ჩართულია ორგანიზაციის გამგეობა.

„შეგახსენებთ, რომ „სამართლიანი არჩევნები“ ახორციელებდა კომპლექსურ დაკვირვებას მთელ საარჩევნო პროცესზე. მონიტორინგის შედეგად ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებად, რაც, მათ შორის, გამოიხატა საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსში“, – ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის განცხადებაში.

დღეს, ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ISFED-ზე ზეწოლას ახორციელებდა, რისი მიზანიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, ხმების პარალელური დათვლის შედეგების გადახედვა იყო. ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა.

„ზეწოლა რა შუაშია? იყო მარტივი აცდენა სურათისგან. წარმოიდგინეთ, რომ ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგია როცა დაიდო, PVT-ის თანახმად გამოდის ისე, რომ ბარიერს ზემოთ ყველა პარტიას უჯდება მინუსი, რაც შეუძლებელია. შესაბამისად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ჩვენი აზრით მარტივი ხარვეზი და ამასთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მონაცემები, რომელიც ამ ხარვეზს დაადასტურებს. თუ ეს ხარვეზი გამოსწორდება, ამ შემთხვევაში მარტო ჩვენი მონაცემი კი არ შეიცვლება, მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ აცდენაც არის 0.8%, იქ „ევროპული საქართველოს“ აცდენა არის თუ არ ვცდები 0.2% და ა.შ. ეს ყველაფერი ერთბაშად გასწორდება“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა ონლაინ გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]