ნიჟარაძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ორგანიზაცია საზოგადოების ინფორმირებას აუდიტის სრულად დასრულების შემდეგ გეგმავდა.
„სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა აუდიტი და სრულყოფილად ვსწავლობდით ყველა მასალას. მიზანი იყო, რომ ყველა კითხვის ნიშანი გამოგვერიცხა. ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ხარვეზი იქნა დაშვებული პროგრამაში და აუდიტის სრულად დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვგეგმავდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვწოდებინა. შესაბამისად, ის, რომ თითქოს რაღაცას ვმალავდით, არის სრული სპეკულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა. არ ვიცი, ეს როგორ უნდა შევაფასო. უბრალოდ, ძალიან სამარცხვინოა“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.
11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.
გუშინ, 13 დეკემბერს, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო, გამოვლენილი ხარვეზის შესახებ კი ნოემბრის ბოლოს აცნობა დონორ ორგანიზაციას - USAID-ს.