weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენმ-მ და რესპუბლიკელებმა მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მიმართეს

16:42 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020
ფოტოზე ხათუნა სამნიძე ფოტოზე ხათუნა სამნიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ წვრებმა დეპუტატის მანდატებზე უარის თქმის შესახებ პარლამენტს განცხადებით მიმართეს. როგორც ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ერთპარტიული პარლამენტის ფორმირება დასრულდება.

„საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ პარლამენტის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება მისი ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

„რესპუბლიკელების“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკებების შეწყვეტას: „პირიქით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის განაცხადი - რომ ბიოკოტს ვაცხადებთ, რომ მანდატებს ჩავაბარებთ, განაცხადი რომ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ, ყველაფერი არის სერიოზული. მოლაპარაკებები გაგრძელდება და ხელისუფლებას უკვე ძალიან მცირე დრო აქვს, რომ ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტი არ მიიღოს და გადმოდგას ნაბიჯები“.

„რესპუბლიკური პარტია“ 2020 წლის საპარალმენტო არჩევნებისთვის ოპოზიციის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით ორი მანდატი მიიღო, რომელიც ხათუნა სამნიძესა და თამარ კორძაიას შორის გადანაწილდა. 11 დეკემბერს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს საერთაშორისო ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართავდნენ.

პარლამენტში განცხადება უკვე შეტანილი აქვს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

11 დეკემბერს, პირველ სხდომაზე, პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო და ოთხი რაუნდი გაიმართა. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჯერ არ არის დასრულებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]