weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს – უგულავა

17:34 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, გიგი უგულავას განცხადებით, თუ ამნისტია , რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია „ქართული ოცნების“ ცოდვების „გასაპრავებლად“. უგულავას თქმით, ამნისტია ითვალისწინებს მუხლებს და არა პიროვნებებს.

„საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ როგორც ცნობილია, ეშმაკი დეტალებშია და მიხეილ სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა, ერთადერთი დეტალი რაც მისგან მოვისმინეთ იყო ის, რომ ეს არ შეეხება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას.

ნებისმიერი ამნისტია, რომელიც აქამდე გაკეთებულა, 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალსიწინებდა, ითვალისწინებდა იარაღის უკანონი ტარების მუხლს იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართელვი. თუ ასეთ რამეებსაც შეიძლება ეს არ შეეხოს, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების „გასაპრაველად“ და თუ საკუთარი ცოდვების გაპრავება უნდა „ქართულ ოცნებას“ ამაში ჩვენ ვერ და არ დავეხმარებით

თუ ეს საყოველთაო ამნისტიაა, უნდა შეეხოს ყველას ის მუხლები, რა მუხლებზეც გაფორმდება ამნისტია, რადგან შევახსენებ საზოგადოებას, რომ ამნისტია მუხლებს ითვალისწინებს და არა პიროვნებებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს წარადგენს, რომლის მიღების შემთხვევაში, ამნისტიას დაექვემდება სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიც არის, მაგალითად, მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, კანონპროექტი მოიცავს ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - გარცელდება თუ არა ამნისტია „ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე“, მათ შორის გიორგი რურუაზე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა: „ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოს იმ პირებს, ვიზეც თქვენ სვამდით კითხვას“.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მის გათავისუფლებას ითხოვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]