weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა – ISFED-ის გამგეობა

15:29 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ სართანიამ და გამგეობის წევრმა ბაია პატარაიამ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში გამოვლენილი ხარვეზთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის ანგარიში წარმოადგინეს.

12-20 დეკემბრის შუალედში მოკვლევა ჩაატარა კომისიამ, რომელიც ხარვეზის არსებობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ გამგეობამ შექმნა. მოკვლევის პროცესსი კომისია გაესაუბრა ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, PVT-ის პროცესში ჩართულ თანამშრომლებს, ISFED-ის ზედა და საშუალო რგოლის მენეჯმენტს, ასევე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ერთ-ერთ ექსპერტს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა 2020 წლის PVT-ის პროცესში. კომისიამ ასევე შეისწავლა ამ საკითხთან დაკავშირებით ორგანიზაციაში არსებული დოკუმენტაცია.

კომისიის მოკვლევის შედეგები:

ISFED-ი ხმების პარალელურ დათვლას ახორციელებს ყველა ეროვნული დონის არჩევნებზე 2003 წლიდან. ამასთანავე, PVT-ის მეთოდოლოგია გამოიყენება სხვა ქვეყნებშიც და წლიდან წლამდე ხდება ამ მეთოდოლოგიის დახვეწა, მათ შორის ISFED-ის და სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე.

ISFED-ს PVT-ს ჩატარებაში ტექნიკურ დახმარებას NDI უწევს. ეს დახმარება 2020 წლის არჩევნებისთვის მოიცავდა PVT-ის განხორციელებისა და ანალიზის მხარდაჭერას, მათ შორის არჩევნების დღისთვის SMS და ინციდენტების ბაზების მომზადებას, ასევე, არჩევნების დღეს PVT ცენტრის და მონაცემთა ბაზების მართვას, მიღებული მონაცემების დამუშავებას და ანალიზს ISFED- თან ერთად.

კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ SMS და ინციდენტების ბაზის განახლება ხდება NDI-ის ექსპერტების მიერ ISFED-თან განხილული ინფორმაციის საფუძველზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება, მაგალითად, კონკრეტულ ქვეყანაში ხმების დათვლის ფორმულის დაზუსტება, ასევე საარჩევნო პროცესში უზუსტობების დამდგენი ლოგიკური ამოცანების შედგენა (მაგალითად, დისბალანსი ოქმებში, უზუსტობა ამომრჩეველთა აქტივობაში და ა.შ.).

კომისიამ დაადგინა, რომ ISFED-მა NDI-ის ექსპერტებს წერილობით მიაწოდა ლოგიკური შეცდომების ნუსხა, თუმცა ეს ნუსხა არ შეიცავდა კონკრეტულად საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მოპოვებული ხმების დათვლის ფორმულას. თუმცა კომისიამ უტყუარად ვერ დაადგინა, განხილული იყო თუ არა ბათილი ბიულეტენების დათვლის საკითხი ზეპირი შეხვედრების დროს.

უშუალოდ არჩევენების დღემდე PVT-ის SMS და ინციდენტების ბაზის გამოცდის მიზნით ISFED-ი ატარებს არჩევნების დღის სიმულაციას. თუმცა ეს პროცესი არ მოიცავს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის სიმულაციას. შესაბამისად, კომისიისთის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, PVT-ის ტესტირების პირობებშიც კი ISFED-ი ვერ აღმოაჩენდა შეცდომას ხმების დათვლის ფორმულაში.

კომისიამ ასევე განიხილა PVT-ის სოფტში ცვლილებების არაკეთილსინდისიერად განხორციელების შესაძლებლობა. თუმცა კომისიამ ვერ მოიკვლია ამის მიმანიშნებელი ერთი ფაქტიც კი - შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ საუბარი სცენარზე, თითქოს PVT-ის მონაცემების აცდენა ცესკოს მონაცემებთან წინასწარ იყო დაგეგმილი, უსაფუძვლოა.

ჩატარებული გასაუბრებების და დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, კომისიას მიაჩნია, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს.

ამასთანავე, კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დაშვებული ხარვეზის შესახებ ინფორმაცია კომისიისმიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად ფორმულაში აღმოჩენილი შეცდომის შესახებ ISFED-ის შიგნით მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ იცოდნენ. მათი თქმით, ორგანიზაციის მენეჯმენტი აცნობიერებდა ცდომილების საზოგადოებისთვის გაცნობის აუცილებლობას, თუმცა, ვინაიდან ცდომილება იყო მაქსიმუმ 1.7% და მათი აზრით, არ ახდენდა გავლენას მანდატებისგანაწილებაზე, განცხადების გამოქვეყნება აუდიტის პროცესის დასრულებამდე გადაიდო, როცა ასევე ყველა სხვა შესაძლო მონაცემი გადამოწმდებოდა. მოგვიანებით, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, PVT-ის საბოლოო შედეგები საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნებულიყო.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 9 დეკემბერს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მმართველიგუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში PVT-ის შედეგებით მანიპულირებს. ამასთანავე, 11 დეკემბერს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის შესახებ. ამის საპასუხოდ, აღმასრულებელმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, ხმების პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგების გამოქვეყნების შესახებ.

კომისიას მიაჩნია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა ვერ გაითვალისწინა არსებული პოლიტიკური კონტექსტი და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დროულად არ მიაწოდა ინფორმაცია საზოგადოებას, რითიც რისკის ქვეშ დააყენა ორგანიზაციის რეპუტაცია და, ზოგადად, PVT-ის მეთოდოლოგიის სანდოობა. ამასთანავე, კომისიის მიერ მოკვლეული ინფორმაციით, არ იკვეთება აღმასრულებელ დირექტორზე ზეწოლის ან დაშინების მცდელობა, რაც მას ამ ინფორმაციის დამალვას აიძულებდა.

11 დეკემბერს, ISFED-მა განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, 11 დეკემბრისთვის დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მიიღო.

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ 13 დეკემბერს, „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო, გამოვლენილი ხარვეზის შესახებ კი ნოემბრის ბოლოს აცნობა დონორ ორგანიზაციას - USAID-ს. იმავე ეთერში ნიჟარაძემ განაცხადა, რომ აღმოჩენილი ხარვეზის გამო მისი, როგორც დირექტორის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]