weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კომიტეტმა „პატრიოტთა ალიანსის“ 3 წევრის პარლამენტიდან გასვლას მხარი დაუჭირა

13:34 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის – ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, რატომ დაიწყო პირველ რიგში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების განცხადებების განხილვა.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „პატრიოტთა ალიანსის“ სია არ არის ჩახსნილი. რამდენიმე წევრს ამ სიიდან აქვს სურვილი, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიის პირველი სამი ადამიანი გავა პარლამენტიდან, მათი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ჩვენ სიფრთხილით ვუდგებით უფლებამოსილებების შეწყვეტის საკითხს. იმ პარტიებს, რომლებსაც ჩახსნილი აქვთ სიები, მათი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტა გამოიწვევს იმას, რომ მათ ადგილმონაცვლე არ ეყოლებათ. ამიტომ, ვიდრე, საბოლოოდ შეთანხმება არ შედეგება და მოლაპარაკების რაუნდი არ დასრულდება, ცხადია, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ჯერ არ ვიღებთ“, – აღნიშნა კომიტეტის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა.

კომიტეტი მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიუროს გადასცემს, რის შემდეგადაც საკითხი უახლოეს პლენარულ სხდომაზე გავა და აღნიშნულ პირებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდებათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

მანდატებზე უარი 54-მა დეპუტატმა ოფიციალურად თქვა, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსის“ სამმა წევრმა. 23 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ავთანდილ ენუქიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, პარლამენტის წევრობაზე უარს არ იტყვის.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა მეხუთე რაუნდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]