weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შედეგების გადამოწმებამ დაადასტურა 8%-იანი მეტობითი დისბალანსი – ISFED

15:13 პარასკევი, 29 იანვარი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ [ISFED] განცხადებით, ხმების პარალელური დათვლის შერჩევაში შესული 850-ვე საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გადაამოწმეს, რის შედეგადაც დადასტურდა უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რის შესახებაც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა.

ISFED-ის განმარტებით, „მეტობითი დისბალანსი“ ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ მასში იმაზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ უნდა ყოფილიყო გაცემული, რაც მიუთითებს კენჭისყრის დღის ან/და ხმის დათვლის პროცედურების კანონის დარღვევით წარმართვაზე.

როგორც „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, საარჩევნო უბნების პროპორციული კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შესწავლისას, საერთო ჯამში, ისეთი შემაჯამებელი ოქმების რაოდენობამ, რომელშიც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილად მიჩნეული ბიულეტენების ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, PVT შერჩევის 8% შეადგინა, აქედან:

  • საარჩევნო უბნების 3.6%-ზე მეტობით დისბალანსის მქონე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში, მონაცემები კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებში გამოცემული შესწორების ოქმებით, ხოლო მომდევნო დღეებში - საოლქო კომისიების განკარგულებებით დაკორექტირდა;
  • საარჩევნო უბნების 1.3%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში მეტობით დისბალანსის განმარტების ან შესწორების მიზნით არ არის გამოცემული შესწორების ოქმი და/ან განკარგულება; დაწერილია მხოლოდ ახსნა-განმარტება ან მონაცემი უშუალოდ შემაჯამებელ ოქმში არის გადასწორებული;
  • საარჩევნო უბნების 0.6%-ზე პროპორციული შემაჯამებელი ოქმები საარჩევნო უბნებზე საეჭვო გარემოებაში შესწორდა. ძირითადად, ეს იმას გულისხმობს, რომ დამკვირვებლის მიერ მიღებული, დამოწმებული ასლის და ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ან შესწორების ოქმების მონაცემები არ ემთხვევა ერთმანეთს და იძლევა განსხვავებულ შედეგს;
  • საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით;
  • საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.

მეტობით დისბალანსიან PVT შერჩევის საარჩევნო უბნების 46%-ზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, მათ შორის, საარჩევნო უბნების 41%-ზე გადათვლის მოთხოვნით. ISFED-ის განცხადებით, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს გადათვლის არცერთი მოთხოვნა.

„საარჩევნო უბნების 7%-ზე საჩივარი განუხილველი დარჩა, 3%-ზე – დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, კომისიას ამ საკითხზე გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, ხოლო 9%-ზე – საუბნო კომისიის პასუხისმგებელ წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – განაცხადეს „სამართლიან არჩევნებში“.

ISFED-ის განცხადებით, პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების ნაკლებობა დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 25.8%-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უბნებზე საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, მასში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე კომისიის მიერ იყო გაცემული.

ISFED-მა შემაჯამებელი ოქმები მას შემდეგ გადაამოწმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტრმა ელენე ნიჟარაძემ, ხმების პარალელური დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, თანამდებობა დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]