weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ოპოზიცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვს

15:28 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021
ფოტოზე - დათო გოგუა ფოტოზე - დათო გოგუა

ოპოზიცური პარტიების წევრებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მერის, დათო გოგუას და მერიის სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომა მოითხოვეს. საქმე ეხება მერიაში გასულ კვირას მომხდარ ინციდენტს, როდესაც სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაასუფთავებინეს.

„მერი, რომელიც დღეს ამ სხდომაზე უნდა ყოფილიყო, არ მოვიდა. ჩვენი მოთხოვნაა შესაბამისი სამსახურების გადადგომა, აგრეთვე იმ ადამიანების, რომლებიც მერიაში მუშაობენ და „აპრავებენ“ ამ ქმედებას. სამსახურები თავის დონეზე რომ ყოფილიყვნენ, ეს ამბავი არ მოხდებოდა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, მერაბ შელიამ.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სამარცხვინო მერმა დატოვოს თანამდებობა. საკრებულოში ამ ყველაფერს აპრავებენ. გული არ შესტკივათ, რომ ბავშვები დაიჩაგრნენ. ეს ბავშვებს მთელი ცხოვრება გაყვებათ“, – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რამაზ გულუამ.

მერის მოადგილე გოჩა ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ოპოზიცია ცდილობს „მიუღებელი და სამარცხვინო ფაქტი“ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენოს.

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია გმობს ამ ფაქტს. ეს იყო, პრაქტიკულად, მარაზმი. ეს არის უაღრესად მიუღებელი თითოეული ჩვენთაგანისთვის. ერთ-ერთი მოქალაქის მიერ მოხდა ბავშვების შემოყვანა მერიაში და გარკვეული დასუფთავების აქციის წარმართვა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მერისა და მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს მერიის შენობის წინ შეკრებილმა ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმაც.

დღესვე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ეთერ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ სკოლის მოსწავლეები მერიის შენობის დასასუფთავებლად საკუთარი ინიციატივით მიიყვანა და ამ საქციელს არ ნანობს.

„მე გადავწყვიტე ასე.

შემცირების შემდეგ დამრჩა ერთადერთი შანსი, რომ პატარა ბავშვებისთვის პატარა მარცვალი ჩამედო. წავედი მეორე სკოლაში, შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, ნონა თოდუას, შემიყვანა მეშვიდე კლასში, დაველაპარაკე ბავშვებს და წამოვიყვანე მერიაში, იმიტომ, რომ ესენი უნდა გამოვიდნენ მერები, მხატვრები, ინჟინრები, იურისტები, ცნობილი პიროვნებები, მაგრამ ოჯახს რომ გაუჭირდეს, ცოლ-შვილის თუ ქმარ-შვილის გულისთვის, შეიძლება, რომ ასეთი საქმე არ ითაკილონ.

წამოვედით, ეს დავახვედრე გაბრიალებული. მე, ფაქტობრივად, ბრიგადირი მქვია, მაგრამ ვარ მერიის ტუალეტის გამგე, არ მეთაკილება... დასანანი აქ არაფერი არ არის. რომ გაიზრდებიან, მაშინ იტყვიან - ამ ქალს უნდოდა ეს სიკეთე ჩვენთვისო. როცა დედამიწის დღე არის ორდღიანი და ბავშვები ტყეში, ღრეში, ორღობეში არიან, ის დანაშაული არის თუ არა?!“, – განაცხადა ეთერ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.

მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში 26 იანვარს, სამშაბათს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ წაიყვანეს. მისივე თქმით, ეთერ ჯაფარიძემ სკოლის ადმინისტრაცია შეცდომაში შეიყვანა. 

მერის, დათო გოგუას თქმით, ეთერ ჯაფარიძემ მოსწავლეები მერიაში თვითნებურად მიიყვანა. 

ააიპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის“ დირექტორმა, ბესიკ კვირკველიამ „რეგინფოს“ უთხრა, რომ ეთერ ჯაფარიძე, სხვებთან ერთად, შემცირებაში მოჰყვა და 2020 წლის 31 დეკემბრის შემდეგ სამსახურის თანამშრომელი აღარ არის.

პოლიცია მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აწარმოებს, რაც იძულებას გულისხმობს. კოდექსის თანახმად, იძულება, რომელიც ჩადენილია დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]