weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

10:43 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მელიამ დადგენილ ვადაში არ გადაიხადა სასამართლოს მიერ გირაოს სახით დაკისრებული 40 000 ლარი, რის გამოც, გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, პროკურატურაშია დაბარებული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით დამატებით 40 000 ლარი 2020 წლის 3 ნოემბერს შეუფარდა და თანხის გადახდის ვადად 50 დღე განუსაზღვრა. გარდა ამისა, მას აეკრძალა პროკურატურის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკანორ მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც საკმარისია გირაოს უზრუნველსაყოფად, ასევე მის მიერვე 2020 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის თანახმად, დეკემბერში გააჩნდა საკმარისი თანხა გირაოს უზრუნველსაყოფად, ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა და გირაოს თანხა – 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, არ გადაიხადა, ასევე არ უზრუნველყო გირაო თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნიკანორ მელიასთან გაფორმდება ოქმი, რომლის მიხედვითაც მას გირაოს თანხის გადასახდელად მიეცემა დამატებით ერთკვირიანი ვადა. ასევე განემარტება, რომ გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ექვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ნიკა მელია პასუხისგებაშია მიცემული 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, 100 000 ლარამდე გირაოს გაზრდა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულის მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]