weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ ნიკა მელიას 70 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

10:35 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მელიას აეკრძალა საქართველოს ტერიტორიის დატოვება პროკურატურის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არჩევნების მეორე დღეს, პირველ ნოემბერს გამართულ აქციაზე ელექტრონული სამაჯური პროტესტის ნიშნად მოიხსნა. პროკურატურა მელიასთვის 100 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა.

მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სასამართლომ გააუქმა ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაც 2019 წლის 27 ივნისიდან მოქმედებდა, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.

„გაუუქმდა ყველა ის შემზღუდველი ღონისძიება, რომელზეც პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ არაკონსტიტუციური იყო, ეს არის ელექტრონული მონიტორინგი, საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა, დაუბრუნდა ყველა დოკუმენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ის, ფაქტობრივად, უკანონო იმყოფებოდა ამ შეზღუდვებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მელიამ გირაოს თანხა 50 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. როგორც ის ამბობს, ნანობს, რომ სამაჯური პირველი ნოემბრის აქციამდე არ მოიხსნა.

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გირაოს შეფარდების გარდა ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა, მათ შორის, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში, პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს.

20 ივნისის მოვლენების დროს ნიკა მელია დეპუტატი იყო, თუმცა პარლამენტმა მას იმუნიტეტი მოუხსნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, 31 ოქტომბრის კენჭისყრაზე მან ხმების 43.88% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ქართული ცონებიდან“ ლევან კობიაშვილმა – 42.69%. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია მასში მონაწილეობის მირებას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]