weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გირაოს არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ – ნიკა მელია

16:13 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს – 40 000 ლარის გადახდას არ აპირებს.

დღეს, პროკურატურამ მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთი კვირა მისცა და გააფრთხილა, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ! მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა, როცა ქვეყანაში პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის საკუთრებაა, როცა ქვეყანაში სასამართლო მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა და პარლამენტი კი კობახიძე-გავრილოვის სახეს წარმოადგენს და ეს ყველა ფიგურანტი და ყველა ინსტიტუტი, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, მივიღო მონაწილეობა ამ სიყალბეში, ამ ფარსში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, პროკურატურას მოუწევს პარლამენტს მიმართოს და მისთვის, როგორც დეპუტატისთვის, უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვოს.

„ორი თვის განმავლობაში, მე, ჩემს კოლეგებთან ერთად, ვითხოვ, რომ უფლებამოსილება შეგვიწყვიტონ. შოთაძე-ფარცხალეძე-ივანიშვილის პროკურატურამ, ერთკვირიანი გაფრთხილება მომცა. რა უნდა ქნან, მათ ჩემზე კარგად იციან. მათ ეს ერთხელ უკვე გააკეთეს - უნდა გაგზავნონ ის სანდომიანი ახალგაზრდა პარლამენტში და მოითხოვონ ის, რაც ერთხელ უკვე მოითხოვეს და 92 ადამიანს ღილაკზე თითი მიაჭერინეს. იგივე უნდა გააკეთონ. ასე შეწყვეტენ ჩემს უფლებამოსილებას, რასაც ყელგამოღადვრით ვეხვეწები, მაგრამ მაინც არ აჩერებენ. ამიტომ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება“, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩემი ნება გაცხადებულია. მე უბრალოდ არ შემეძლო, სხვანაირად მოვქცეულიყავი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია პასუხისგებაშია მიცემული 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა. ამის შემდეგ პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, 100 000 ლარამდე გირაოს გაზრდა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულის მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.

პროკურატურის განცხადებით, ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა 24 დეკემბერს ამოწურა და მიუხედავად იმისა, რომ გააჩნდა საკმარისი თანხა, გირაო არ გადაიხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]