weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ნიკა მელია პარტიის ოფისიდან არსად წავა, მას ფიზიკურად დავიცავთ – ბარამიძე

18:09 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ განმარტა, რას აპირებს პარტია მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და პროკურატურას თანხმობა მისცა, მის მიმართ პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს.

როგორც ბარამიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, იქნება მშვიდობიანი წინააღმდეგობა.

„ათასობით პატრიოტი ქართველი, არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და მხარდამჭერი, არამედ სხვა პარტიებიდანაც, რიგითი მოქალაქეები და ყველა ის თავმოყვარე ადამიანი და პატრიოტი, რომელსაც ჰქონდა პროტესტის განცდა „ქართული ოცნების“ მიერ გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, მზად არის ფიზიკურად დადგეს და ფარად დაუდგეს წინ ნიკა მელიას და არ დააჭერინოს ამ პუტინისტურ რეჟიმს. ფიზიკურად დავიცავთ ნიკა მელიას.

იგულისხმება მშვიდობიანი, არაძალადობრივი წინააღმდეგობა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ლიდერი. ფარად ავეფარები და ფიზიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ იმას, ვინც მოვა აქ, შტურმით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ასაღებად, სადაც იქნება ნიკა მელია. არსად არ წავა აქედან. ჩვენ ყველანი ვიქნებით აქ და დავიცავთ მას“, – აღნიშნა ბარამიძემ.

მისივე თქმით, ნიკა მელია დღეს პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი, არაძალადობრივი ბრძოლის სიმბოლოა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი. გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ მელიას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა პროკურატურამ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს. როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით), ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]