weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს ერთპარტიული მმართველობის აჩრდილი აედევნა – იან კელი

09:44 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში (2015-2018 წლებში) იან კელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა.

„საქართველოს ერთპარტიული მმართველობის მზარდი აჩრდილი აედევნა“, – დაწერა ამერიკელმა დიპლომატმა „ტვიტერზე“.

იან კელის თქმით, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას და მთავრობამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, ეს ნაბიჯი უწყობს თუ არა ხელს ამ მიზნის მიღწევას.

16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.

საკითხს მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცეს პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, ხოლო ხმის მიცემისგან თავი შეიკავა „ევროპელი სოციალისტების“ ოთხივე წარმომადგენელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლო მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. სწორედ ამის შემდეგ მოითხოვა პროკურატურამ მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც 20 ივნისის მოვლენების დროს, მრავალი ათეული მოქალაქისა და ჟურნალისტის მიმართ ძალის გადამეტების გამო მხოლოდ 3 რიგითი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში (არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით), ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრება, საპროცესო საჭიროების სათანადოდ დასაბუთების გარეშე, ქართულ მართლმსაჯულებას დიდ დარტყმას მიაყენებს და მას არადემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას მიამსგავსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]