weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას – მელიას საქმის პროკურორი

15:28 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021
ფოტოზე მიხეილ სადრაძე / რადიო თავისუფლების ფოტო ფოტოზე მიხეილ სადრაძე / რადიო თავისუფლების ფოტო

თბილისის საქალაქო სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. სხდომას, რომელიც 16:00 საათისთვის არის ჩანიშნული, ბრალდებული ნიკა მელია არ დაესწრება.

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე არის დასაბუთებული, არგუმენტირებული და კანონისმიერი.

„შესაბამისად, გვაქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლებრივ მოთხოვნას.

რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის კანონის დანაწესებთან:

მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს არ გადახდა, ასევე, გირაოს პირობების შეუსრულებლობა, ტირაჟირება იმისა, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას, არის ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნას პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მელიასთვის პატიმრობის შეფარდება უკანონო გადაწყვეტილება იქნება. დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიება საერთოდ არ იქნეს გამოყენებული.

„ამისთვის ძალიან მყარი სამართლებრივი არგუმენტები გვაქვს და სასამართლო პროცესზე გვექნება შესაძლებლობა როგორც კითხვების დასმის, ისე მოსამართლისთვის ძალიან მყარი პოზიციების წარდგენის. თუ

სასამართლო იხელმძღვანელებს კანონით, შეუძლებელია მან დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანოს.

პოლიტიკური ნარატივია ის, რომ ნიკა მელია არ იხდის გირაოს და ამის გამო ის უალტერნატივოდ უნდა იყოს დაპატიმრებული. ეს არის საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]