weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს

20:43 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს. მათი განცხადებით, პარტიის ოფისთან, სადაც მელია მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. საქმის პროკურორის განცხადებით კი, მისი ინფორმაციით, ენმ-ის ოფისთან არავინ არის მობილიზებული.

„ვიდრე პროცესი არ დასრულდება, შსს-ს არ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ნიკა მელიას დაკავებაზე და თქვენ არ იღებთ ამ გადაწყვეტილებას, უბრალოდ ახმოვანებთ. თქვენს მიმართაც არ აქვთ პატივისცემა, რომ დალოდებოდნენ თუნდაც გადაწყვეტილების გაჟღერებას. არსებობს გარემოება, რაც თქვენს დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ და მოგმართავთ შუამდგომლობით, საქმე განიხილოს მოსამართლემ, რომელიც არ იქნება სხვების გამხმოვანებელი. გთხოვთ, აიცილოთ ეს საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კიდევ ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შესთავაზა გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალისთვის გადადოს.

„თუ ჩვენ ვცდებით, პროცესის გადადება მარტივი ტესტი იქნება. იქ არაფერი ხდება ისეთი, რაც სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზებას გამოიწვევდა, გარდა იმისა, რომ ნიკა მელია არის დასაჭერი“, – აღნიშნა ბასილაიამ.

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი ოთხ საათზე მეტია მიმდინარეობს. პროკურატურა ითხოვს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნეს გამოყენებული.

მელიას საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ პოლიციას თავისი ნებით არ ჩაბარდება. კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ოფისში მისი თანაგუნდელები და მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების დარღვევა, ბრალდებულისთვის პატიმრობის ან სხვა რომელიმე მძიმე ღონისძიების შეფარდების ავტომატური საფუძველი არ უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]