weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბატონო გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება – მელია

23:10 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

„ბიძინა ივანიშვილო, ბატონო სერგეი გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება, არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და არც ახლა გასამართლდება. საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, რადგან დღეს ჩვენ გამარჯვებულები ვართ არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, სულიერადაც“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა მელიას თქმით, დღევანდელი განჩინების შემდეგ პარტიული პოლიტიკა დასრულდა – ერთ მხარეს არის ქართული ეროვნული მოძრაობა, მეორე მხარეს კი „ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები“.

„გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი გავრილოვის სასამართლო, თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლო/პარლამენტმა, არ ასამართლებს ერთ ან რამდენიმე ცალკეულ ადამიანს. ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე და ხმა აიმაღლა, არ შეუშინდა, სამართლიანად აღშფოთდა, თვალებში ჩახედეს უსამართლობას, რომელსაც გავრილოვის სახით სთავაზობდა „ქართული ოცნება“ და თალებგახელილმა ახალგაზრდებმა რეზინის ტყვიებს, დათვებზე სანადირო ტყვიებს თვალები არ დაუხუჭეს, თვალების დაკარგვის ხარჯზე სიამაყე, ღირსება და თავისუფლება შევინარჩუნეთ.

ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღის, განვითარებული საქართველოს. დილემის წინაშე ვდგავართ - ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული; ან ღირსეული საქართველო ან ღირსება აყრილი; ან თავისუფლება ან ოკუპანტი ბორკილები“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც თანაპარტიელებთან, ოპოზიციის ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. მოსამართლის განმარტებით, მელიამ გირაოს თანხის გადაუხდელობით კანონი დაარღვია.

მოსამართლემ განჩინების აღსრულება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა. ნიკა მელია არ აპირებს, პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდეს და პარტიის ოფისი დატოვოს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს პროკურატურა 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 30 000 ლარი შეუფარდა, 2 ივლისის განჩინებით კი მის მიმართ დამატებით გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი (სამაჯური). გირაოს თანხა მელიამ სრულად გადაიხადა, თუმცა 2020 წლის პირველ ნოემბერს, აქციაზე მან დემონსტრაციულად მოიხსნა სამაჯური. ამის გამო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მას 40 000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა დააკისრა. გირაოს გადახდის ვადა ისე ამოიწურა, რომ ნიკა მელიას სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხა არ შეუტანია. ამის შემდეგ პროკურატურამ პარლამენტს მიმართა და მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერება მოითხოვა.

გუშინ, 16 თებერვალს, პარლამენტმა 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დეპუტატისთვის იმუნიტეტის შეჩერებას, რითიც გენერალურ პროკურორს მისცა თანხმობა, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიემართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]